ომიკრონის ნეიტრალიზება მესამე აცრითაა შესაძლებელი - "ფაიზერი"

"ფაიზერის" ოფისები ნიუ-იორკში

მთავარი მოკლედ

  • ომიკრონის გამანეიტრალებელი ანტისხეულები მესამე აცრიდან ერთ თვეში ჩნდება
  • ე.წ. ბუსტერი ყველაზე კარგი გამოსავალია ომიკრონის წინააღმდეგ
  • ახალ ვარიანტს მორგებული ვაქცინით აცრა 2022 წლის მარტში იქნება შესაძლებელი
  • ვაქცინა მწვავე დაავადებისგან ჯერჯერობით საუკეთესო თავდაცვად რჩება
  • საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ძალიან ადრეა

უფრო დაწვრილებით

"ფაიზერ-ბიონტექის" კვლევა აჩვენებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გამანეიტრალებელი ანტისხეულები, მათი ვაქცინის რიგით მესამე, გამაძლიერებელი დოზით აცრიდან ერთ თვეში ჩნდება. ამერიკული და გერმანული კომპანიების ერთობლივ ვაქცინაზე ჩატარებული კვლევის შედეგები ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს ეფუძნება.

სისხლის ნიმუშებში, რომლებიც ე.წ. ბუსტერის გაკეთებიდან ერთ თვეში აიღეს, ომიკრონის ვარიანტი ისევე ეფექტურად განეიტრალდა, როგორც ეს ვირუსის პირველ ვარიანტთან მიმართებაში, მათი ორდოზიანი აცრით მოხდა. ეს პირველი სერიოზული სიგნალია, რომელიც მიანიშნებს, რომ მესამე, გამაძლიერებელი დოზით აცრა კოვიდ-19-ის ახალ ვარიანტთან ბრძოლაში, ორგანიზმის თავდაცვის გასაძლიერებლად გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.

"ომიკრონის წინააღმდეგ "ფაიზერის" ვაქცინის ეფექტიანობაზე ახალი მონაცემები დამაიმედებელია" - განაცხადა ოთხშაბათს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. "ყველამ უნდა გაიკეთოს ბუსტერი, ვისაც ის ეკუთვნის და ჯერ არ აცრილა" - დაწერა მან სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

სამშაბათს "ფაიზერმა", ოთხშაბათს კი "ბიონტექმა" განაცხადეს, რომ მათი ვაქცინით ორდოზიანი აცრა მძიმე დაავადებისგან იცავს, მაგრამ ეფექტიანობა დროთა განმავლობაში იკლებს. ორი დოზით ორგანიზმში გაცილებით ნაკლები გამანეიტრალებელი ანტისხეულები ჩნდება, ვიდრე სამით.

"ბიონტექის" ხელმძღვანეილი უღურ შაჰინი იმასაც ამბობს, რომ ახალ ვარიანტთან გამკლავების მიზნით, მეორე და მესამე დოზებს შორის ინტერვალი უნდა შემცირდეს. "ეს სწორი გზა იქნება კონკრეტულად ომიკრონის მზარდი გავრცელების გათვალისწინებით, რათა ზამთრის სეზონზე დაცვის ხარისხი გავაუმჯობესოთ" - თქვა მან ოთხშაბათს.

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა გამაძლიერებელი დოზის ვადა 6-დან 3 თვემდე შეამცირა. ექიმ ფაუჩის თქმით კი, "ჯონსონი და ჯონსონის" აცრის შემთხვევაში, "მოდერნას" ან "ფაიზერის" ბუსტერის დოზა შეიძლება ორი თვის შემდეგაც გაკეთდეს.

კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვაქცინის ავტორი კომპანიები ასევე ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გახდნენ პირველები, ვინც ომიკრონზე მორგებულ ვაქცინას გამოუშვებს. "ფაიზერ-ბიონტექის" განცხადებით, ეს სულ რამდენიმე თვეში, 2022 წლის მარტში იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე ისინი პირველნი არიან, ვინც ომიკრონთან აცრის ეფექტიანობაზე სამეცნიერო კვლევის შედეგები წარმოადგინეს.

ასევე ნახეთ: "მუტანტების" შერკინება - რატომაა მნიშვნელოვანი, ომიკრონი გაიმარჯვებს თუ დელტა

ყველაზე მთავარი მათი კვლევის შედეგებში ისაა, რომ ამ მონაცემების მიხედვით, არსებული ვაქცინების გამოყენება ომიკრონის წინააღმდეგაც შეგვეძლება - ამბობს ექიმი უოლტერ ორნსტინი. ის ვანდერბილტის უნივერსიტეტის პროფესორია, წარსულში კი იმუნიზაციის პროგრამების დირექტორი იყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში.

"შესაძლოა ვაქცინების შეცვლა არც დაგვჭირდეს" ომიკრონთან ბრძოლაში - ამბობს ის. პროფესორ ორნსტინის თქმით, "ჩვენ შეიძლება არსებული ვაქცინა გამოგვადგეს, მწვავე დაავადების შეზღუდვაში მაინც".

ამის მიუხედავად, "ფაიზერ-ბიონტექმა" ახალი, ომიკრონზე მორგებული კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნაზე მუშაობა 25 ნოემბერს უკვე დაიწყო. კომპანიები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ ცვლიან 2022 წლისთვის დადებულ პირობას, უკვე მოქმედი ვაქცინის 4 მილიარდი დოზის გამოშვების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, 2022 წელს ახალი ვაქცინის 25-75 მილიონი დოზის გამოშვება იქნება შესაძლებელი. "ფაიზერის" მეცნიერი კენა სვანსონი ამბობს, რომ კომპანიაში ასევე განიხილავენ ახალი, ომიკრონზე მორგებული ვაქცინის გამოცდას აუცრელ ადამიანებზე.

ასევე ნახეთ: ომიკრონი შესაძლოა დელტაზე 2-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს - „ნიუ-იორკ თაიმსი“

ომიკრონის ახალ ვარიანტზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევები ჯერ ადრეულ ეტაპზეა. "თუმცა, ფაიზერის" და "ბიონტექის" მიერ ომიკრონზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები ძირითადად ემთხვევა სამხრეთ აფრიკაში მიღებულ მონაცემებს.

აფრიკის ჯანდაცვის კვლევის ინსტიტუტის ავტორობით სამეცნიერო კვლევის შედეგები სამშაბათს გამოქვეყნდა. ისიც ამბობს, რომ "ფაიზერ-ბიონტექის" ორდოზიანი ვაქცინით განპირობებული დაცვა ომიკრონის შემთხვევაში ნაწილობრივ კომპრომეტირებულია და ინფექციის შედეგებისგან მესამე, გამაძლიერებელი დოზა სავარაუდოდ უფრო დაგვიცავს.

ომიკრონთან მიმართებაში მსგავსი შედეგები მიიღეს გერმანიაშიც, ფრანკფურტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევაში. სამი დოზით აცრილების სისხლში იქ ომიკრონის მიმართ თავდაცვა 37-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე ორი დოზით აცრილთა სისხლში.

კვლევებზე მუშაობას აგრძელებენ ამერიკაში დამტკიცებული კიდევ ორი კოვიდ-19-ის ვაქცინის ავტორი კომპანიები "მოდერნა" და "ჯონსონი და ჯონსონი". ახალ ვარიანტთან მათი ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ პირველადი კვლევების შედეგებს დაახლოებით ერთ-ორ კვირაში ელიან.