ამერიკული კომპანია "ფაიზერი", რომელმაც კოვიდ-19-ის ვაქცინა გერმანულ "ბიონტექთან" ერთად შექმნა, გეგმავს ევროკავშირის და შეერთებული შტატების მარეგულირებელს მესამე დოზის დამტკიცებისთვის მიმართოს. კომპანიის განცხადებით, მოთხოვნა ეფუძნება აცრიდან ექვსი თვის შემდეგ ინფიცირების რისკის ზრდას და კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფ გავრცელებას, რომელიც ინფიცირების გაცილებით მაღალი მახასიათებლებით გამოირჩევა, სარს-კოვ-2-ის ორიგინალურ ვერსიასთან შედარებით.
თუმცა, როგორც ამერიკელი მარეგულირებლების ერთობლივ საპასუხო განცხადებაში ჩანს, ჯერჯერობით ამ ნაბიჯის საჭიროებას ისინი ვერ ხედავენ. შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) და დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) განცხადებაში თქვეს, რომ სრულად აცრილ ამერიკელებს კოვიდ-19-ის მესამე დოზა ამ ეტაპზე არ ესაჭიროებათ.
"მზად ვართ დამატებითი დოზებისთვის, თუკი და როცა მეცნიერება ამის საჭიროების დემონსტრაციას მოახდენს" - ნათქვამია ამერიკელი მარეგულირებლების განცხადებაში. "ევროპის სამედიცინო სააგენტოს” (EMA) ამ მომენტამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
ასევე ნახეთ: მრნა ვაქცინები ინდოეთში ნაპოვნ ვარიანტთანაც ეფექტურია - ახალი კვლევის წინასწარი შედეგები"ფაიზერის" უფროსი სამეცნიერო ოფიცერი მაიკლ დოლსტენი, ისრაელში ვაქცინის ეფექტურობის ვარდნას იმით ხსნის, რომ ინფიცირების ახალი ფაქტები ძირითადად იანვარში და თებერვალში აცრილ მოსახლეობაში აღირიცხა. 5 ივლისს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტურობა როგორც ინფიცირების, ისე სიმპტომატური დაავადების პრევენციაში, ივნისში 64%-ზე ჩამოვიდა. გასული წლის კვლევის შედეგებით კი ცნობილი იყო, რომ "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინის ეფექტურობა კოვიდ-19-ის სიმპტომური დაავადებების პრევენციაში 95%-ს შეადგენდა.
"ფაიზერის" ვაქცინა დელტა ვარიანტის მიმართ მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა" - თქვა დოლსტენმა ინტერვიუში. თუმცა, ექვსი თვის შემდეგ, მისი განცხადებით, "სავარაუდოდ, რეინფექციის რისკია, რადგან ანტისხეულები, როგორც მოსალოდნელი იყო, მცირდება". "ფაიზერის" უფროსი სამეცნიერო ოფიცერი ამბობს, რომ კომპანია მათ მიერ მიღებულ მონაცემებს შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას მომავალ თვეში წარუდგენს.
სამეცნიერო კვლევა დამატებითი დოზის საჭიროებაზე "ფაიზერს" ჯერ არ გაუსაჯაროებია. შესაბამისად, ისრაელში კომპანიის დაკვირვების შემაჯამებელ მონაცემებზე ხელი ჯერ არც სხვა მეცნიერებს მიუწვდებათ.
"ეს მონაცემთა მცირე ზომის ბაზაა, მაგრამ ვფიქრობ, ტენდენცია სწორია: ექვსი თვის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ დელტა აქამდე ცნობილ ვერსიებს შორის ყველაზე გადამდები ვარიანტია, მას შეუძლია ინფიცირება და დაავადების მსუბუქი ფორმებით გამოწვევა", ამბობს დოლსტენი.
ასევე ნახეთ: „ფაიზერის“ ვაქცინა კორონავირუსის ახალ ვარიანტებსაც ამარცხებს - რუბრიკა „გალილეო“