თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ნაშრომს, რომელსაც დღევანდელი რუბრიკა ეძღვნება, ჯერ კოლეგიალური განხილვის ეტაპი არ გაუვლია და ე.წ. პრეპრინტს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ ის არის სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებელი კვლევის ერთგვარი სასიგნალო ვარიანტი, რომელიც კოლეგათა შეფასებების შემდეგ, ჟურნალში შესაძლოა მცირე ცვლილებებით დაიბეჭდოს.
თუმცა, ნაშრომში იმდენად მნიშვნელოვანი დასკვნებია გაკეთებული, რომ კვლევის შედეგებმა სამეცნიერო წრეებში და ჯანდაცვის უწყებებში უკვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სამშაბათს, თეთრი სახლის კოვიდ-19-ზე რეაგირების გუნდის ბრიფინგზე, ამ ნაშრომზე ისაუბრა ენტონი ფაუჩიმ, ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა. მან აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, „ფაიზერ-ბიონტექის“ და „მოდერნას“ კოვიდ-19-ის ვაქცინები წარმატებულია კორონავირუსის ახალ ვარიაციებთან მიმართებაშიც, მათ შორის - ინდოეში ნაპოვნ B.1.617 ვარიანტთან.
ხუთშაბათს კი ანალოგიური განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს კლუგემ. მისი თქმით, კოვიდ-19-ის ვაქცინები ეფექტურია კორონავირუსის დღეისთვის ნაპოვნი ყველა ვარიანტის წინააღმდეგ, პირველად ინდოეთში აღმოჩენილი B.1.617 ვარიანტის ჩათვლით.
ჟურნალი „ნეიჩერი“ წერს, რომ ამერიკელი მეცნიერების მიერ „ოქროს სტანდარტით“ ჩატარებული ექსპერიმენტები ინდოეთში ნაპოვნი ვარიანტის B.1.617 ორ ქვეტიპზე B.1.617.1 და B.1.617.2, ადასტურებს, რომ კოვიდ-19-ის მრნა ვაქცინები მათ წინააღმდეგაც გამოიმუშავებს იმუნიტეტს. მაგრამ კვლევაში ასევეა მინიშნება იმაზე, რომ ინდოეთში ნაპოვნი სარს-კოვ-2-ის ვარიანტი ანტისხეულების მიმართ მეტ რეზისტენტულობას (მდგრადობას) ავლენს.
„ეს ვაქცინები მუშაობს“, ამბობს მეჰულ სუთარი, ემორის უნივერსიტეტის იმუნოლოგი ატლანტაში, ჯორჯიის შტატში. ის კვლევის წამყვანი ავტორია. ამის მიუხედავად, მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ აუცილებელია ვირუსის მუტაციების ვაქცინაზე პასუხის მონიტორინგი, რადგან პირველად ინდოეთში ნაპოვნი ვარიანტების მიმართ „ანტისხეულები იმდენად კარგად არ მუშაობს“ - აღნიშნავს ის.
ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ვაქცინაციით გამომუშავებული ანტისხეულები B.1.617.1 ვარიანტის დაბლოკვაში 7-ჯერ უფრო ნაკლებ ეფექტურები არიან, ვიდრე კორონავირუსის თავდაპირველად გავრცელებულ ვარიანტთან ბრძოლაში. ამის მიუხედავად, ექსპერიმენტში მონაწილე ყველა აცრილმა შეძლო ვირუსის განეიტრალება გარკვეული დოზით მაინც.
„სადაც კი გადააწყდება გულუბრყვილო მოსახლეობას, ვირუსი მათ დააინფიცირებს, გამრავლდება და მუტაციებს განიცდის“ - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, იმუნოლოგი მეჰულ სუთარი. მისი თქმით, კვლევის შედეგები ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ვირუსი შეიძლება დაუსხლტეს ვაქცინას და ადამიანი დააინფიციროს, მაგრამ ვაქცინა მაინც ამცირებს ვირუსის გავრცელებას, ჰოსპიტალიზაციის მონაცემებს და ზოგადად, ჯანდაცვის რესურსებზე მოთხოვნის ზრდას - ამბობს ამერიკელი ექიმი ჯეფრი სორელი, რომელიც საუთვესტერნის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. მას აღნიშნულ კვლევასთან კავშირი არ აქვს. „კერძოდ, ვაქცინები გვიცავს მძიმე დაავადების და სიკვდილისგან, რაც ხაზს უსვამს ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერების აუცილებლობას“ - აღნიშნავს ის.
ახალი კვლევის ავტორები არიან ემორის და სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები, ასევე - მეცნიერები აშშ-ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ვაქცინების კვლევითი ცენტრიდან. ნაშრომი ძირითადად ფედერალური გრანტებით დაფინანსდა და ავტორთა განცხადების მიხედვით, დამფინანსებელ ორგანიზაციებს არ მიუღიათ მონაწილეობა ექსპერიმენტის დიზაინში, მართვაში, ანალიზში, ინტერპრეტაციაში, განხილვაში და ა.შ.
ინდოეთში კორონავირუსის B.1.617 ვარიანტი პირველად ოქტომბერში ოპოვეს. მას შემდეგ ის დადასტურებულად 40-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. ვარიანტის ორი ქვეტიპის სწრაფი გავრცელების გამო, გაჩნდა შიში, რომ ამ ვერსიებს შეეძლოთ კოვიდ-19-ის ვაქცინის ეფექტურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. აღნიშნული ვარიანტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში შემავალი 53 ქვეყნიდან 26-ში უკვე ვრცელდება.
წინასწარი მონაცემებით, რომელიც ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის, ეს ვარიანტი 20-დან 50%-მდე უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მანამდე, ბრიტანეთში ნაპოვნი B.1.1.7, რომელიც თავისთავად გაცილებით მეტი გავრცელებით და სიკვდილობით გამოირჩეოდა, ვიდრე კორონავირუსის ორიგინალური ვერსია. ლონდონში შიშობენ, რომ ინდოეთში აღმოჩენილი ვარიანტი მათთანაც პრევალენტური (ფართოდ გავრცელებული) გახდება. ბრიტანეთის ჯანდაცვის ცნობით, ამ კვირაში B.1.617.2 ქვეტიპით ინფიცირების 2 111-ით მეტი შემთხვევა აღირიცხა, ვიდრე წინა კვირაში.
Facebook Forum