პენტაგონი: "ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი ჯარისკაცების დამატებით მცირე რაოდენობა იგზავნება"

პეტ რაიდერი, პენტაგონის პრესსპიკერი

ორშაბათს პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ მაიორმა პატ რაიდერმა თქვა, რომ ისრაელისა და "ჰეზბოლას" ძალებს შორის ლიბანში ძალისმიერი დაპირისპირების მკვეთრი ზრდის შემდეგ, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით ჯარისკაცების მცირე რაოდენობას გზავნის.

რაიდერმა ჯარისკაცების რაოდენობის ან მათი ამოცანების შემდგომი დეტალები არ დააკონკრეტა.

თუმცა მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ჯარისკაცების რიცხვი ათობით განისაზღვრება და მათი პირველადი ამოცანა, რეგიონში უფრო დიდი მასშტაბის ომის დაწყების შემთხვევაში, სამხედრო დახმარებით ამერიკის მოქალაქეების ქვეყნიდან შესაძლო გაყვანის მომზადება იქნება.

ასევე ნახეთ: ისრაელის საჰაერო დარტყმები ლიბანზე - 550-ზე მეტი დაღუპული ორ დღეში

სხვა ოფიციალურმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ ვითარება ჯერ კიდევ ისეთ ზღვარზე არ იყო, რომ სამხედრო დახმარებით გაყვანის საჭიროება ყოფილიყო.

ევაკუაციის საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის სამხედრო უწყებას საზღვაო ქვეითები ჰყავს განლაგებული, რომელთაც ამ ამოცანის შესრულება შეუძლიათ, უთხრა „ამერიკის ხმას“ სხვა ოფიციალურმა პირმა. ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს, ყოველი მათგანი ანონიმურობის პირობით დათანხმდა.

„ამერიკის ხმის“ მიერ ორშაბათს დასმული კითხვის პასუხად, რაიდერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პენტაგონი „დამგეგმავი ორგანიზაციაა“, რომელიც მზადაა „გაუთვალისწინებელი ვითარებების ფართო სპექტრისთვის“, თუ შეერთებული შტატების სამხედროებს დახმარებას სთხოვენ.

„დღეს რეგიონში მეტი შესაძლებლობები გვაქვს, ვიდრე 14 აპრილს გვქონდა, როდესაც ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონებით და რაკეტებით თავდასხმა განახორციელა“, - თქვა გენერალმა.

პენტაგონის განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა ლიბანის შიგნით "ჰეზბოლას" სამიზნეების წინააღმდეგ რამდენიმე დარტყმა განახორციელა და ასობით ადამიანი მოკლა. რეგიონული ომის ესკალაციის ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს აფრთხილებს ლიბანი დატოვონ.