შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა ახალი ფოტოსურათები გამოაქვეყნა. დეპარტამენტის განცხადებით, ამ ფოტოებით დასტურდება, რომ გასულ კვირას ირანი ომანის სრუტეში მოძრავ ნავთობის ორ ტანკერს დაესხა თავს.
ფოტოებზე,შეერთებული შტატების მტკიცებით იაპონური ტანკერიდან„ირანის რევოლუციურ გუშაგთა არმიის“ აუფეთქებელ ნაღმს იღებენ. სხვა ფოტოებზე კი ჩანს ადგილი, სადაც ნაღმი იყო დამაგრებული. ამავე განცხადების თანახმად, ზოგ ფოტოზე ჩანს ტანკერზე არსებული ფართო ხვრელიც, რომელიც სავარაუდოდ აფეთქების შემდგომი დაზიანებაა.
პრესაში აქამდე გავრცელებულ ფოტოებში კი, რომლებიც ხუთშაბათის თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნდა, ცეცხლში გახვეული ნორვეგიული ტანკერია ასახული. პენტაგონმა ფოტოების გამოქვეყნებისას განაცხადა, რომ ვიდეო მტკიცებულებები და სხვა წყაროები, ისევე როგორც აუფეთქებელი ნაღმის მოხსნა, ადასტურებს, რომ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია.
ირანი, თავის მხრივ, ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ტანკერებზე თავდასხმაში მათი დადანაშაულება "სახიფათო" ქმედებაა.
თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა ორშაბათს განაცხადა, რომ "თავდაცვითი მიზნებით" ახლო აღმოსავლეთში 1000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი განლაგდება.
"ირანის ბოლო თავდასხმები ადასტურებს იმ სანდო ინფორმაციას, რომელიც ჩვენს დაზვერვას აქვს, რომ ირანული ძალები მტრულ ქმედებებს ახორციელებენ და მათთან დაკავშირებული ჯგუფები ემუქრებიან ამერიკელ პერსონალს და მის ინტერესებს რეგიონში", - თქვა შანაჰანმა განცხადებაში.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ "რეგიონში მისი საშიში ქმედებებისთვის" ირანი ანგარიშვალდებული უნდა იყოს, მაგრამ ამერიკის ქმედებები უნდა იყოს "ძლიერი, ჭკვიანური და სტრატეგიული და არა დაუაზრებელი და ნაჩქარევი". მისი თქმით, ამ ძლიერ შემაშფოთებელმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ირანთან სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს და ორივე მხარეს მცდარი დაშვებები გაკეთდეს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ამბობს, რომ ტანკერებზე თავდასხმის დრო "საეჭვოა", რადგან იაპონურ ტანკერზე თავდასხმა სწორედ მაშინ მოხდა, როცა პრემიერ-მინისტრი შინზო აბე თეირანში იყო და აშშ-ირანს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდა.
ამ განცხადებამდე, ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა "ბირთვული შანტაჟი" უწოდა ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ქვეყანა მალე გადააჭარბებს გამდიდრებული ურანის მარაგის იმ დასაშვებ რაოდენობას, რომელიც 2015 წლის ე.წ. ბირთვული შეთანხმებით იყო დაწესებული. შეთანხმება მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის შეკავებას. გასულ წელს პრეზიდენტმა ტრამპმა შეთანხმება დატოვა იმ მიზეზით, რომ ირანი მის პირობებს არღვევდა. ამას აშშ-ის მხრიდან ირანულ ნავთობ-კომპანიებზე სანქციების დაწესება მოჰყვა.
სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარების თანახმად, ქვეყანა ამ დრომდე არსებულ ლიმიტს 10 დღეში, დაახლოებით, 27 ივნისისთვის გადააჭარბებს. თუმცა მისივე თქმით, ირანი მზადაა შეინარჩუნოს ლიმიტი, თუკი 2015 წელს მიღწეული შეთანხმების მხარეები დაეხმარებიან მას ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.
"პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად თქვა, რომ ის არასდროს დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღის პროგრამა განავითაროს. რეჟიმის მიერ ბირთვულ შანტაჟს მზარდი საერთაშორისო წნეხი უნდა მოჰყვეს", - ამბობს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერი გარეტ მარკიზი.