ირანის ატომური ენერგიის სააგენტომ ორშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა მალე გადააჭარბებს გამდიდრებული ურანის მარაგის იმ დასაშვებ რაოდენობას, რომელიც 2015 წლის ე.წ. ბირთვული შეთანხმებით იყო დაწესებული. შეთანხმება მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის შეკავებას.
სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარების თანახმად, ქვეყანა ამ დრომდე არსებულ ლიმიტს 10 დღეში, დაახლოებით, 27 ივნისისთვის გადააჭარბებს. თუმცა მისივე თქმით, ირანი მზადაა შეინარჩუნოს ლიმიტი, თუკი 2015 წელს მიღწეული შეთანხმების მხარეები დაეხმარებიან მას ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.
ირანი 2015 წელს დათანხმდა იმას, რომ შეეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა და ამის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმება გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დონალდ ტრამპის გადაწყვეიტლებით დატოვა. შეთანხმების სხვა მხარეები არიან: ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია. მხარეები აცხადებდნენ, რომ შეთანხმების შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა.
Facebook Forum