ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ირანს შორის ურთიერთობა მწვავდება


ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე მომხდარ თავდასხმაში შეერთებული შტატები ირანს ადანაშაულებს. ამერიკის საზღვაო ფლოტის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ირანის საპატრულო ხომალდი ტანკერიდან აუფეთქებელ მაგნიტურ ნაღმს ხსნის.

ნავთობის ერთი ტანკერი ნორვეგიულია, მეორე კი - იაპონური. ერთ-ერთ მათგანზე ხუთშაბათს ცეცხლი გაჩნდა და იქიდან ისეთი სქელი კვამლი ამოდიოდა, რომ ის კოსმოსში სატელიტებმაც კი დააფიქსირეს. იაპონური ტანკერის მფლობელი კომპანიის განცხადებით, მათ ორჯერ დაესხნენ თავს. აფეთქება ჯერ ძრავის მახლობლად მოხდა, შემდეგ კი ტანკერის მარჯვენა მხარეს, უკანა ნაწილის მიმართულებით.

მომხდართან დაკავშირებით, ხუთშაბათს განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. მან ხელი პირდაპირ ირანს დაადო.

"შეერთებული შტატების მთავრობის შეფასებით, ირანის ისლამური რესპუბლიკაა პასუხისმგებელი ომანის ყურეში დღეს მომხდარ თავდასხმაზე" - თქვა მან. სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ თეირანის ქმედება, რომელიც არ იყო პროვოცირებული, დაუშვებელი ესკალაციაა და ნავიგაციის თავისუფლების, "საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის აშკარა საფრთხეს ქმნის".

პომპეო ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულ რეგიონში მსგავსი ოპერაციის ჩატარების "ექსპერტიზა" მხოლოდ ირანს გააჩნია. ამასთან, ანალოგიური თავდასხმა წარსულშიც მომხდარა და მაშინაც, იერიშის უკან თეირანი იდგა.

ირანი ბრალდებას არ აღიარებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ თავდასხმა "ძალიან საეჭვოდ" დაემთხვა იაპონიის პრემიერ-მინისტრ, შინზო აბეს ისტორიულ ვიზიტს ირანში და მის შეხვედრას ქვეყნის უზენაეს ლიდერ აიათოლა ხამენეისთან. ორმხრივ მოლაპარაკებაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სიტუაციის დეესკალაციის საჭიროებას. შინზო აბე იაპონიის პირველი ლიდერია, რომელიც ბოლო 40 წლის მანძილზე ირანს ესტუმრა.

"ამერიკის ხმა" ესაუბრა შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ პირს. პენტაგონის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, განაცხადა, რომ ინციდენტში ირანის თავდასხმაზე ბევრი რამ მიანიშნებს. "ჩვენ დარწმუნებული ვართ, მტკიცებულებაც გვაქვს" - უთხრა მან "ამერიკის ხმას". თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ ნორვეგიული ტანკერის ეკიპაჟი ახლა ირანს ჰყავს. თეირანის სახელმწიფო მედიაში გავრცელებული ვერსიით, ირანელმა მეზღვაურებმა ტანკერებიდან 44 ადამიანი იხსნეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ის პატივს სცემს იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს მცდელობას, განმუხტოს ირანთან არსებული დაძაბულობა, მაგრამ შეთანხმება ჯერ ნაადრევია. "ძალიან ადრეა... ისინი მზად არ არიან და არც ჩვენ ვართ მზად" - აცხადებს ტრამპი.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებს განიხილავდა, შეერთებული შტატების ელჩმა ჯონათან კოენმა დაგმო ნავთობის კომერციულ გადამზიდავებზე თავდასხმა. მან თქვა, რომ ხუთშაბათს მომხდარი ინციდენტი "დაუშვებელია" და ეს "ძალიან სერიოზულ შეშფოთებას" იწვევს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ხაზი გაუსვა ფაქტების მოძიების მნიშვნელობას. "თუკი მსოფლიოს რაიმეს უფლება არ აქვს, ეს არის მნიშვნელოვანი დაპირისპირება სპარსეთის ყურეში" - გააფრთხილა მან სხდომის მონაწილეები.

ომანის ყურე ჰორმუზის სრუტესთან მდებარეობს და მასთან ერთად, სპარსეთის ყურეს არაბეთის ზღვასთან აერთებს. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო მიმართულებაა, სადაც მსოფლიოს საწვავის დიდი ნაწილის გადაადგილება ხდება. ომანის ყურეში ორ ტანკერზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, საწვავის ფასებმა მთელ მსოფლიოში 4 პროცენტით მოიმატა და ბარელზე $62 დოლარს გადააჭარბა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG