ასზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო დღეს, სასტუმრო „რედისონში“ გახსნილ ქართულ-ამერიკულ სიმპოზიუმს, სადაც ქართულ ბიზნესს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ლოჯისტიკის დეპარტამენტთან ბიზნესის წარმოების წესები, სტანდარტები და მოთხოვნები გააცნეს.
თბილისის სიმპოზიუმს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პირველადი კონტრაქტორებიც ესწრებიან, რომელთა მეშვეობით ამერიკის თავდაცვის უწყება ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების შესყიდვებს ახორციელებს.
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა როი მაკლერმა აღნიშნა, რომ ქართულ ბიზნესს კარგი შანსი აქვს ავღანეთში სამხედრო მისიის მომარაგების საქმეში ჩაერთოს.
„ამერიკის თავდაცვის ლოჯისტიკური ცენტრის სახელით მსურს, განვაცხადო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული რესურსებით ავღანეთის მისიის მომარაგება.“
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად, 2011 წლის მონაცემებით, თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა რჩებიან. მიუხედავად მთავარი სტრატეგიული პარტნიორობისა, საქართველოსა და ამერიკის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურება.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქართული ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის ბაზარზე 2010 წელს დაფიქსირდა და 187 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2004-2005 წლებში ამერიკაში მხოლოდ 21 და 26 მილიონი ლარის ექსპორტი განხორციელდა, შესაბამისად, ხოლო ყველაზე დიდი ვარდნა 2009 წელს იყო - 36 მილიონის ლარის ექსპორტი.
შარშან კი ქართულმა ექსპორტმა 143 მილიონი ლარი შეადგინა. წელს, პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ამერიკაში 90 მილიონი ლარის ქართული პროდუქცია გავიდა.
რაც შეეხება ამერიკულ იმპორტს საქართველოში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2008 წელს დაფიქსირდა - 358 მილიონი ლარი, შარშან ეს მაჩვენებელი 245 მილიონ ლარამდე შემცირდა, წელს ექვსი თვეში კი, 101 მილიონი შეადგინა.
პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია ამბობენ, რომ ქართული ბიზნესის ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ტენდერებში ჩართვა საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს ერთი-ორად გაზრდის.
ვანო მერაბიშვილი: „ქართულ მეწარმეებს აქვთ პრიორიტეტული საშუალება, ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ 47 მილიარდიან ბაზარში. ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, გაცილებით დიდი, ვიდრე ნებისმიერი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ბაზარი.“
ბათუ ქუთელია: „ჩვენი მიზანია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, გამოყენებული იქნას და გაცილებით მეტი სარგებელი მიიღოს ქართულმა ბიზნესმა იმ კუთხით, რომ ჩაერთოს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის შესყიდვებში.“
საქართველო, ჯერჯერობით, 937 ჯარისკაცითაა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში წარმოდგენილი, თუმცა უკვე არსებობს საქართველოს პარლამენტის თანხმობა, რომ ქართული კონტიგენტი კიდე 738 ჯარისკაცით გაიზარდოს.
1675 ჯარისკაცით საქართველო NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ყველაზე დიდი სამხედრო კონტიგენტი ეყოლება.
აქამდე ავღანეთში ISAF-ის საერთაშორისო მისიის მომარაგებაში ქართული ბიზნესი ჩართული არ ყოფილა მანამდე 2003 წელს, ერაყის სამშვიდობო მისიის დროს, ერაყის ქურთისტანში ქართულმა კომპანიამ - „ყაზბეგმა“ საკუთარი პროდუქცია რამდენჯერმე გაიგზავნა, თუმცა ამ ურთიერთობას რეგულარული სახე არ მისცემია.