პენტაგონის ახალი ბომბდამშენის დებიუტი

ამერიკის უახლესი „ბ-21 რეიდერის“ (B-21 Raider), ბირთვული ბომბდამშენის საჯარო დებიუტი, პენტაგონის პასუხის ნაწილია ჩინეთთან მომავალ კონფლიქტთან დაკავშირებულ შეშფოთებაზე. „სტელსის“ სისტემის გამანადგურებელ თვითმფრინავზე საიდუმლო მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

ეს პირველი ახალი ამერიკული ბომბდამშენია ბოლო 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. პარასკევს, 2 დეკემბერს, კალიფორნიის ქალაქ პალმდეილში, საჰაერო ძალების ობიექტზე მისი წარმოდგენის წინ, სამხედრო თვითმფრინავის მხოლოდ მხატვრული ჩანახატები იყო გამოქვეყნებული. გავრცელებული რამდენიმე გამოსახულება აჩვენებს, რომ „ბ-21 რეიდერი“ ჰგავს შავი სტელსის სისტემის ბირთვულ ბომბდამშენ „ბ-2 სპირიტს“, რომელსაც ის მომავალში ჩაანაცვლებს.

ახალი გამანადგურებლის პრეზენტაცია რამდენიმე საათში დაიწყება, იუწყება სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ოფიციალური გვერდი.

ბომბდამშენის მწარმოებელი კომპანიის „ნორთროპ გრუმანის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ვარდენმა თქვა, რომ „რეიდერი“ მხოლოდ გარეგნულად წააგავს „ბ-2“ ბომბდამშენს, დანარჩენ ნაწილებში კი მსგავსება არ არის.

ბომბდამშენი არის პენტაგონის ძალისხმევის ნაწილი, განაახლოს მისი ბირთვული ტრიადის სამივე შტო, რომელშიც შედის შახტებიდან გასაშვები ბირთვული ბალისტიკური რაკეტები და წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები ქობინები. პენტაგონი ბოლო ათწლეულებში მიმდინარე კონტრტერორისტული კამპანიიდან გადართვას ახდენს, რათა ჩინეთის სწრაფ სამხედრო მოდერნიზაციას პასუხი გასცეს.

ჩინეთი მუშაობს, რომ 2035 წლისთვის 1500 ბირთვული იარაღი ჰქონდეს და ჰიპერბგერით, კიბერ-ომის, კოსმოსურ და სხვა სფეროებში შესაძლებლობების მატებასთან ერთად, „შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის და თავისუფალი და ღია საერთაშორისო სისტემისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და სისტემურ გამოწვევას“ წარმოადგენს - ნათქვამია ჩინეთის შესახებ პენტაგონის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა.

ასევე ნახეთ: პენტაგონი: ჩინეთს 400-ზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს