პენტაგონი: ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებს და რუსეთს ქვეყანაში მავნე ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ამერიკის ხმას პენტაგონის წარმომადგენელმა ვიცე-პოლკოვნიკმა კარლა გლისონმა უთხრა.

პენტაგონის განცხადებით, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ [გრუ] საქართველოს წინააღმდეგ ფართო-მასშტაბიანი კიბერ-თავდასხმა განახორციელა. ინციდენტმა სამთავრობო და კერძო ვებ-გვერდების, სამაუწყებლო სისტემების მუშაობა შეაფერხა და „გავლენა იქონია საქართველოს მთელ მოსახლეობაზე.“

„ეს თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ უთხრის ძირს რუსეთის მავნე ქმედებები გამჭვირვალობას და სტაბილურობას, ასუსტებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და არღვევს მეზობლების სუვერენიტეტს. შეერთებული შტატების პოზიცია მკაფიო რჩება: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ძირითად ინტერესებს და რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას დავაკისრებთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ამ საქმიანობისთვის,“ ნათქვამია განცხადებაში.

ვიცე-პოლკოვნიკი გლისონის თქმით, პენტაგონი შეუერთდა „საეთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისადმი მტკიცედ მოწოდებაში, რომ შეწყვიტოს ასეთი ქცევა საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას რათა მან საკუთარი უსაფრთხოება და გამძლეობა გააძლიეროს.“

პენტაგონის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ. მისი თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერ-თავდასხმები „ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბერ-ოპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა.“

მსგავსი შინაარსის განცხადებები ამ დრომდე უკვე გაავრცელეს დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, დანიის, ლიეტუვის, ჩეხეთის, პოლონეთის, ავსტრალიის და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყებებმა.