ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ გმობს საქართველოზე რუსეთის კიბერ შეტევას


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გმობს რუსეთის კიბერშეტევას საქართველოს წინააღმდეგ და მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს მსგავსი ქცევა. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ 2019 წლის ოქტომბრის კიბერ თავდასხმა რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს მიერ იყო ორგანიზებული.

„2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ("გრუ") სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა“, - ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.

შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები.

„ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

„ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში”, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში.

„ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად”, - აცხადებს პომპეო.

სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერ შეტევაზე საუბრობს, როდესაც სამთავრობო და კერძო საიტების გათიშვა და მინიმუმ ორი ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტა მოხდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს. გათიშული ვებგვერდების გახსნისას, მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით „მე დავბრუნდები“ ჩნდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG