პელოსიმ ტაივანს მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩინეთი ბრაზს არ მალავს

ნენსი პელოსი ტაივანის პარლამენტში ვიზიტის დროს. 3 აგვისტო, 2022 წ.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ დღეს ტაივანი დატოვა. მან ჩინეთის გაღიზიანების ფონზე, რომელიც მას საკუთარ ტერიტორიად თვლის, ტაივანის დემოკრატიულ მთავრობას ამერიკის სახელით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.

ჩინეთის ბრაზი გამოწვეული იყო ტაიპეიში ბოლო 25 წლის მანძილზე ამერიკის მთავრობის ყველაზე მაღალი დონის ვიზიტით. ერთი დღით ადრე პეკინმა ტაივანის სრუტეში სამხედრო თვითმფრინავები და გემები გააგზავნა, სასწრაფოდ გამოიძახა ამერიკის ელჩი ჩინეთში და შეაჩერა ტაივანიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი. ამას გარდა, ჩინეთმა ტაივანიდან 12 საზღვაო მილის დაცილებით, სამხედრო წვრთნები დანიშნა, რასაც ტაივანის თავდაცვა უპრეცედენტო ნაბიჯად განიხილავს.

ასევე ნახეთ: "მსოფლიო დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის" - პელოსი ტაივანში ჩავიდა 

ჩინეთის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პელოსი ამერიკის კონგრესის დელეგაციასთან ერთად, ტაიპეიში სამშაბათს მოგვიანებით ჩავიდა. "ჩვენი დელეგაცია ტაივანში ჩამოვიდა, რათა არაორაზროვნად და გარკვევით განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ მივატოვებთ ტაივანს“ - უთხრა პელოსიმ ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს, რომელზეც ჩინეთს ეჭვი აქვს, რომ ის ჩინეთიდან ფორმალურ დამოუკიდებლობას გეგმავს, რაც პეკინისთვის სრულიად მიუღებელი ნაბიჯია.

„ახლა, ისე როგორც არასდროს, ამერიკის სოლიდარობა ტაივანთან კრიტიკულია და ეს არის გზავნილი, რომელიც ჩვენ ჩამოვიტანეთ“ - თქვა პელოსიმ, რომელმაც ტაივანში დაახლოებით 19 საათი დაჰყო. პელოსი ტაიპეიში შეხვდა მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ასევე ჩინელ და ტაივანელ აქტივისტებს.

ტაივანი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის აზიური ტურის ნაწილი იყო. ნენსი პელოსი ორშაბათს სინგაპურში ჩავიდა, სამშაბათს კი ჯერ მალაიზიაში, შემდეგ ტაივანში.