მშვიდობისა და მეგობრობისთვის - პრეზიდენტ ჯონ კენედის ინიციატივა, რომელსაც შედეგადაც „მშვიდობის კორპუსი“ დაფუძნდა, უკვე სამოცი წლისაა. ათწლეულების განმავლობაში ამერიკელი მოხალისეები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ჩავიდნენ. მათ შორის საქართველოშიც. ქვეყანაში მოხალისეები რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ, თუმცა ყველაზე ცნობილი მაინც საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ინგლისურის მასწავლებლები სხვადასხვა რეგიონში საჯარო სკოლებში ინგლისურს ასწავლიან. ბევრი მათგანი სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც საქართველოს მეგობრად და გულშემატკივრად რჩება. მასპინძელ ოჯახებთან კავშირი კი წლების შემდეგაც აქვთ.
„ახალგაზრდა ამერიკელები საზღვარგარეთ წავლენ და სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად იცხოვრებენ, იმსახურებენ და მათგანაც ისწავლიან“ - ეს იდეა 60 წლის წინ ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ წარმოადგინა. აღმასრულებელი ბრძანებით კი „მშვიდობის კორპუსი“ შექმნა, რომლის მისიადაც მეგობრობისა და მშვიდობის წახალისება განსაზღვრა.
„ყველაზე გამორჩეული ისაა, რომ „მშვიდობის კორპუსის“ წევრები არ იღებენ ანაზღაურებას. ისინი წავლენ საზღვარგარეთ და იცხოვრებენ იმავე სტანდარტებით, როგორც ამა თუ იმ ქვეყნის ხალხი. ისინი საკუთარი ცხოვრების 2-3 წელიწადს დაუთმობენ მშვიდობისა და იმ კავშირების შექმნას, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასტაბით ადამიანებს გააერთიანებს“, - ამბობდა პრეზიდენტი.
Your browser doesn’t support HTML5
კენედის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი ალან პრაისი ამბობს, რომ ეს იმ ეპოქისთვის ძლიერ თამამი იდეა იყო, თუმცა 60-წლიანმა წარმატებამ აჩვენა, რომ მისია განხორციელდა.
„ეს ფანტასტიკური იდეა იყო. დიდი მადლობა ამ გულმოდგინე შრომისთვის მოხალისეებსა და მასპინძელ ქვეყნებს. ვფიქრობ, მშვიდობისა და მეგობრობის წასახალისების ეს გრძელვადიანი სტრატეგია და მიზანი ძალიან წარმატებული იყო“, - ამბობს ალან პრაისი
ამ 60 წლის განმავლობაში მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში 240 ათასზე მეტი ამერიკელი მოხალისე ჩავიდა. „მშვიდობის კორპუსის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მოხალისეების სია ბევრი ნიშნით ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანია.
ეს ჩემთვის არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო. ვმუშაობდი წალკაში, პირველი მოხალისე ვიყავი ვინც იქ გააგზავნეს, ნამდვილად არ იყო ყველაზე ადვილი ადგილი საცხოვრებლად, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო, რომ შემეძლო ახალი გზა გამეკვალა. ბევრისთვის პირველი ამერიკელი ვიყავი, ვისაც შეხვდნენ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა, რომ კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა,- კით უებერი
„ამერიკის მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების ასაკი 20 წლიდან 85 წლამდე მერყეობს. მათი უმეტესობა 20-იდან 30 წლამდეა, მაგრამ მალავიში პროგრამის დირექტორის პოსტზე ყოფნისას ჩვენ იქ პროგრამის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოხალისე გვყავდა - 82 წლის არაჩვეულებრივი, ენერგიული ადამიანი“, - ამბობს ქეროლ სპანი, „მშვიდობის კორპუსის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
სპანი თავად 26 წლის იყო, როდესაც რუმინეთში მოხალისედ წავიდა. კომუნიზმის დაცემიდან სამი წლის შემდეგ. მაშინ ზოგი ეჭვითაც უყურებდა, თუმცა ამ გამოცდილებამ მისი ცხოვრება შეცვალა.
„ბევრ მოხალისეს ემართება ის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში კონკრეტული მოლოდინებით ჩადის. გაქვს მსოფლმხედველობა, შეხედულება იმაზე, რატომაა ყველაფერი ისე, როგორც არის. შემდეგ ცხოვრობ და მუშაობ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც შენგან განსხვავდებიან და თუკი საქმეს ცნობისმოყვარეობით უდგები, იგებ, სწავლობ, რა არის ამ ყველაფრის მიღმა, რატომ ხდება მოვლენები იმისგან განსხვავებულად, როგორც ეს შენს ქვეყანაშია ან რატომ აქვს ამ ხალხს ესა თუ ის ღირებულებები, როგორია მათი ისტორია“, - განმარტავს ქეროლ სპანი.
კით უებერი მოხალისედ საქართველოში 2014 წლის აპრილში გააგზავნეს. ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა. 2 წელი წალკაში, მრავალეთნიკურ დასახლებაში გაატარა. ცხოვრობდა ოჯახსა და გარემოში, სადაც ბევრისთვის პირველი ამერიკელი იყო, ვინც მათ ოდესმე შეხვედრია. ამიტომ პასუხისმგებლობას ყოველთვის განსაკუთრებულად გრძნობდა.
„საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. რუსეთსა და რეგიონს ვსწავლობდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაც მეგონა რომ ვიცოდი, ის სულაც არ იყო საკმარისი. ვიცოდი, ლამაზი ბუნების, გემრიელი საჭმლის შესახებაც, მაგრამ მახსოვს, როგორი დეზორიენტირებული ვიყავი გრძელი, გრძელი ფრენის შემდეგ თბილისში ჩასული“, - იხსენებს უებერი და იქვე ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა, რომ საქართველოში და განსაკუთრებით კი მრავალეთნიკურ რეგიონში მოხვდა:
„ეს ჩემთვის არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო. ვმუშაობდი წალკაში, პირველი მოხალისე ვიყავი ვინც იქ გააგზავნეს, ნამდვილად არ იყო ყველაზე ადვილი ადგილი საცხოვრებლად, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო, რომ შემეძლო ახალი გზა გამეკვალა. ბევრისთვის პირველი ამერიკელი ვიყავი, ვისაც შეხვდნენ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მქონდა, რომ კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა“.
კითი წალკის საჯარო სკოლაში, ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად, წყვილში თითქმის ყველა კლასის მოსწავლეს ინგლისურს ასწავლიდა. სკოლა მრავალეთნიკური იყო. ამბობს, რომ ეთნიკურად სომეხ და ბერძენ მოსწავლეებთან რუსულად კომუნიკაცია უხდებოდათ, ქართველებთან კი ქართულად. თითოეულ კლასში კი განსხვავებული მიდგომა სჭირდებოდათ და სამუშაო ძალიან საინტერესო იყო. თუმცა ყველაზე დიდი სითბოთი მაინც მასპინძელ ოჯახსა და მათთან გატარებულ დროს იხსენებს:
პანდემიის გამო ამერიკამ საქართველოდან 96 მოხალისის ევაკუაცია მოახდინა. თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემდეგ მოხალისეები ქვეყანაში დაბრუნდებიან.
„მყავდა მასპინძელი ოჯახი: დედ-მამა, და-ძმა და ბებია: მარი, თაზო, ედო ხატია და ნანული. ძალიან ინტეგრირებული ვიყავი ოჯახში, პირველივე დღიდან უხაროდათ, რომ იქ ვიყავი, ოჯახის წევრად მაგრძნობინებდნენ თავს. ზაფხულში თავისთან ერთად წამიყვანეს დასასვენებლად ბათუმში, მასპინძელ მამას კი ხშირად თავის მეგობრებთან ერთად გასართობად დავყავდი. როდესაც ის თბილისში სამსახურში მიდიოდა, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რომ ჩემი პატარა ძმისთვის კარგი მაგალითი მიმეცა“, - ამბობს უებერი.
„ამერიკის მშვიდობის კორპუსი საქართველოში“ კი 20 წლისაა და 2001 წლიდან მუშაობს. ამ დრომდე ქვეყანაში 945 მოხალისე იყო ჩასული. ისინი 3 სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროგრამაში მონაწილეობენ.
პროგრამა, რომელიც საგანმანათლებლო პროცესში მოხალისეების ჩართვას და რეგიონებში ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად ინგლისურის სწავლებას გულისხმობს, ქვეყანაში „მშვიდობის კორპუსის“ მუშაობის პირველივე წლიდან მოქმედებს.
განათლების და ახალგაზრდების გაძლიერების პროგრამის მენეჯერი და ამჟამად პროგრამებისა და ტრენინგების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეო ნეფარიძე ამბობს, რომ გასულ წელს განათლების პროგრამის ყველა მოხალისე კვირაში ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად წყვილში 1200-მდე გაკვეთილს ატარებდა. 36-კვირიანი სასწავლო წლის განმავლობაში კი 43 ათასი ასეთი გაკვეთილი ჩატარდა. „გვჯერა, რომ ამდენი ათეული ათასი გაკვეთილი უშედეგოდ არ ჩაივლიდა", - ამბობს ნეფარიძე.
„მშვიდობის კორპუსის“ მეორე პროგრამა ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროექტებს გულისხმობს და ასევე 2 წლით მასპინძლობს მოხალისეებს. ისინი ადგილობრივ სამოქალაქო-სათემო ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ სოციალური თუ ეკონომიკური განვითარებისთვის. გასულ წელს სხვადასხვა ორგანიზაციულ პროექტში 1500-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული.
მესამე პროგრამა კი უკვე წინასწარ შემუშავებული, სპეციალიზებული პროექტების ფარგლებში 9-12 თვით ანაწილებს მოხალისეებს. ისინი მუშაობენ საგანამანათლებლო რესურს-ცენტრებში, პროფესიულ სასწავლებლებში, უნივერსიტეტებში, მუნიციპალიტეტებებთან და ა.შ.
მოხალისეთა დიდი ნაწილისთვის გამორჩეულად დასამახსოვრებელი სწორედ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა და მოსწავლეების, მასწავლებლებისა თუ მასპინძელი ოჯახის წევრების მათდამი დამოკიდებულებაა. მათ შორის ერთ-ერთია ლეიდი ვანესა რეიესი, რომელიც სამეგრელოში, სოფელ გაჭედილში მუშაობდა.
"ორი მასპინძელი ოჯახი მყავდა, ერთი - ხაშურში ტრენინგების დროს და მეორე - მომდევნო ორი წლის განმავლობაში. მათთან ურთიერთობებს დღემდე ძალიან ვაფასებ. მექცეოდნენ როგორც საკუთარ დას, საკუთარ შვილს. 6 წელია თითქმის, რაც საქართველოდან დავბრუნდი, მაგრამ დღემდე გვაქვს კავშირი. ამ კვირაში დედის დღე იყო და ჩემს მასპინძელ-დედებს მივულოცე. მათგან სიყვარულით სავსე პასუხი მივიღე და მეც იგივე განცდები მაქვს, ისინი სულ ჩემს გულთან ახლოს არიან. ველოდები როდის შევძლებ, უკან დაბრუნებას“, - ამბობს ლეიდი.
საქართველოდან ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ლეიდიმ სწავლა გააგრძელა. მალევე გაიგო, რომ ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი იხსნებოდა და გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან კავშირს ასე მაინც შეინარჩუნებდა და იქ მუშაობა დაიწყო.
გლობალურმა პანდემიამ ბევრი მოხალისის გეგმა შეცვალა და პროგრამის მონაწილეთა და მასპინძელთა უსაფრთხოების გამო ამერიკამ მთელი მსოფლიოდან მოხალისეების ევაკუაცია მოახდინა. საქართველოდან 96 მოხალისის ევაკუაცია მოხდა. თეო ნეფარიძე ამბობს, რომ როგორც კი მუშაობის უსაფრთხოდ აღდგენის საშუალება შეიქმნება, მოხალისეები ქვეყანაში დაბრუნდებიან.
„გასულ ზაფხულს მოხალისეების ჩემი ჯგუფის წევრებს ჩვენი იქ ყოფნის 5 წლის იუბილის აღნიშვნა საქართველოში ერთად ჩასვლით გვინდოდა, მაგრამ პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა და იმედია, ახლო მომავალში მაინც შევძლებთ ამის გაკეთებას“, - ამბობს ლეიდი და დასძენს, რომ თუ ეს გეგმა ვერ გამართლდა, თავად მაინც წავა:
„აუცილებლად ჩავალ, მინდა მოვინახულო ჩემი მასპინძელი ოჯახები, ჩემი გარშემომყოფები, ჩემი სკოლა.... სკოლაში 100-მდე მოსწავლე იყო და თითქმის ყველას ვასწავლიდი. ბავშვები მოსიყვარულეები და გახსნილები იყვნენ, უხაროდათ, რომ იქ ვიყავი. ჩემი კოლეგა მასწავლებლები კი უბრალოდ არაჩვეულებრივები იყვნენ. მათ სულ ღიმილით ვიხსენებ, ყოველდღე ისე მიღებდნენ, როგორც საკუთარი ჯგუფის წევრს... ეს მენატრება ყველაზე მეტად...“
კით უებერი ამბობს, რომ ქართული კულტურა მას „თან გამოჰყვა“ და ახლა უკვე ვაშინგტონში აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მის ირგვლივ ქვეყნის შესახებ ინფორმაციისა და დადებითი განწყობის გავრცელებას. ყოფილი მოხალისე ფიქრობს, რომ 60 წლის შემდეგ, იდეის ასეთ წარმატებას, გავლენასა და შედეგებს ალბათ პრეზიდენტი კენედიც ვერ წარმოიდგენდა...