შეერთებულ შტატებში ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ დემოკრატიის განვითარების მხრივ, საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, ბალტიისპირეთის გამოკლებით, ყველაზე დაწინაურებული სახელმწიფოა. ამ მხრივ გამონაკლისს არც პოლ სტრონსკი, უსაფრთხოების ამერიკელი ანალიტიკოსი, წარმოადგენს. მაგრამ წარმატებებთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი, რომელიც საქართველოდან რამდენიმე დღის წინ ახალი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა, თავის კრიტიკულ მოსაზრებებსაც გვიზიარებს.
„ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ დიდი შეშფოთებაა საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების გამო, რომელიც ძალიან პოლარიზებული და ასევე ძალიან პერსონიფიცირებულია. იმის მიუხედავად, რომ ბატონები ივანიშვილი და სააკაშვილი ძალაუფლებას აღარ ფლობენ, ისინი პოლიტიკურ განვითარებებს და თავის პარტიებს თავს ძალიან, ძალიან დიდი დოზით დასტრიალებენ“ - ამბობს ის.
Your browser doesn’t support HTML5
კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი იმედს იტოვებს, რომ საარჩევნო კამპანიების დაწყებისთანავე საქართველოში მდგომარეობა ამ მიმართულებით მეტ-ნაკლებად გამოსწორდება და ფოკუსირება არა იმდენად პოლიტიკურ ფიგურებზე, არამედ უფრო კონკრეტულ პოლიტიკურ პროგრამებზე მოხდება:
„კარგი იქნებოდა, საქართველოს გადაელახა ეს დამოკიდებულება და უფრო პოლიტიკურ პროგრამებზე ორიენტირებული გამხდარიყო. თუმცა, ჯერ ქართული პოლიტიკური სეზონის მხოლოდ დასაწყისია და იმედი მაქვს, რომ მომდევნო თვეებში ამ საკითხებზე ყურადღება მეტად გამახვილდება“.
პოლ სტრონსკის თქმით, საქართველო დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის ისეთებიცაა, რომელიც მკვლევარის თქმით, მასზე დამოკიდებული არც არის. მაგრამ, ყველაზე მთავარი მაინც მთლიანად კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებაა. სტრონსკი ყარაბაღის კონფლიქტის ოთხდღიან განახლებას იგონებს და ამბობს, რომ მსგავსი მოვლენები ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ფიზიკურ, თუ ენერგო-უსაფრთხოებაზე, მის საინვესტიციო გარემოზე და ზოგადად ქვეყნის განვითარებას აფერხებს.