ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარიზის კლიმატის შეთანხმება დატოვა და მიზეზად „დიდი ეკონომიკური
რისკები“ დაასახელა. მას შემდეგ გლობალურ შეთანხმებას ორი ქვეყანა - ნიკარაგუა და სირია შეუერთდა, ისინი პირობას დებენ, რომ ემისიების წარმოებას შეამცირებენ.
ექსპერტების შეფასებით, ტრამპის გადაწყვეტილების ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ ახლა შეთანხმებას სხვა ქვეყნები ემატებიან. თუმცა კითხვად რჩება, შეავსებენ თუ არა ეს ქვეყნები ამერიკის როლს.
გარემოს დაცვის ექსპერტი ტოდ სტერნი ამბობს, რომ აქამდე საკითხის ლიდერობა საკუთარ თავზე არც ერთ სხვა ქვეყანას არ აუღია.
„კარგი ამ ამბავში ის არის, რომ ამერიკას სხვა ქვეყნებმა არ მიბაძეს და ისინი რჩებიან ამ შეთანხმებაში“, ამბობს სტერნი.
ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ რამდენიმე ინიციატივაც გაჟღერდა, მაგალითად, ჩინეთი, საფრანგეთი და ბრიტანეთი პირობას დებენ, რომ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვას შეწყვეტენ.
60-მდე ქვეყანამ, შტატმა და ქალაქმა ასევე დადო პირობა, რომ შეწყვეტს ქვანახშირით ელექტროენერგიის წარმოებას.
ექსპერტების თქმით, ტრამპის მიერ შეთანხმების დატოვების მიუხედავად, შტატების და ქალაქების დონეზე მთავრობები და ბიზნესები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ კამპანიაში მაინც ერთვებიან.
პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე შეიქმნა ალიანსი, რომელიც ამერიკის ეკონომიკის ნახევრის მწარმოებელ კომპანიებს აერთიანებს. ისინი პირობას დებენ, რომ პარიზის კლიმატური შეთანხმების პირობას დაიცავენ.
ალიანსში სულ 2770 წევრია, მათ შორის არის ნიუ-იორკის და კალიფორნიის შტატები, 230 ამერიკული ქალაქი და ასობით ამერიკული კომპანია.
ზოგიერთმა შტატმა დამოუკიდებელი ინიციატივებიც მიიღო, მაგალითად, ნიუ-ირკის და ვირჯინიის მთავრობამ ადგილობრივ კომპანიებს ნახშირჟანგით დაბინძურებისთვის გადასახადი დაუწესა.
„ბევრი რამ ბუნებრივად მოხდებოდა, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ ეს პროცესები დააჩქარა“, ამბობს ანჯელა ნავარო, ვირჯინიის შტატის ვაჭრობის მდივნის მოადგილე.
მსოფლიოს მასშტაბით, 400-ზე მეტი კომპანია აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ემისიების წარმოებას შეამცირებს და კლიმატის ცვლილების შესაჩერებელ ზომებს მიიღებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია. ამავდროულად ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც ემისიების წარმოებაზე დაწესებული რეგულაციები უნდა მოიხსნას.
გარემოს დაცვის ანალიტიკოსი კეიტ ლარსენი ამბობს, რომ ბალანსისთვის მხოლოდ ბიზნესის აქტიურობა არ კმარა: „ბიზნესის პროაქტიულობა ძალიან კარგია, მაგრამ გრძელვადიანი შედეგისთვის, ის ფედერალურ მთავრობას ვერ ჩაანაცვლებს“, ამბობს ლარსენი.