საფრანგეთში ხუთშაბათს კორონავირუსით ინფიცირების 35 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საავადმყოფოების ინტენსიურ განყოფილებებში კი იმაზე მეტი პაციენტი აღირიცხა, ვიდრე კოვიდ-19-ის მეორე ტალღის პიკში იყო. "შეზღუდვების გამკაცრების დრო დადგა" - თქვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა.
ქვეყნის დედაქალაქ პარიზში და ჩრდილოეთის რამდენიმე რეგიონში ერთთვიანი ე.წ. ლოკდაუნი გამოცხადდა. კარანტინი ძალაში დღეს ღამით შევა.
ასევე ნახეთ: იტალიაში სააღდგომოდ ისევ მკაცრი ლოკდაუნი გამოცხადდებაპრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იანვარში პირობა დადო, რომ ყველაფერს იღონებდა, რათა ევროზონის ზომით მეორე ეკონომიკა ღია დარჩენილიყო და მეტად აღარ შეფერხებულიყო. მაგრამ, ახლა კურსის შეცვლას პრეზიდენტი კორონავირუსის ახალ ვარიაციას აბრალებს, რომელიც ინფიცირების და სიკვდილობის უფრო მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. პირველად ბრიტანეთში აღმოჩენილი ვარიანტი ახლა საფრანგეთში ინფიცირებულთა 75%-ს აქვს.
ჟან კასტექსის თქმით, ქვეყანა პანდემიის მესამე ტალღის პირზეა. პარიზში ყოველ 100 000 მაცხოვრებელზე 400 ინფიცირებული მოდის. "ეპიდემია უარესდება. ახლა ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მისი კონტროლი ხელიდან არ გაგვექცეს" - აცხადებს პრემიერი კასტექსი და ხაზს უსვამს, რომ ამისთვის სულ ცოტა ერთი თვეა საჭირო. მისი თქმით, "4 კვირა - ეს არის მნიშვნელოვანი ზემოქმედების გენერირებისთვის აუცილებელი დრო, რათა მოსახლეობის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის ვაქცინაცია მოვასწროთ".