ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ ფლოიდის საქმის შესახებ სასამართლო პროცესი გრძელდება. ფლოიდი შავკანიანი მამაკაცი იყო, რომელიც მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციელს დაკავებისას მის კისერზე მუხლი 9 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაბჯენილი.
სასამართლოს ჩვენება ხუთშაბათს სასწრაფო დახმარების იმ თანამშრომლებმა მისცეს, რომლებიც ადგილზე მივიდნენ. მათი თქმით, მისვლის მომენტში მათ ეგონათ, რომ ფლოიდი უკვე მკვდარი იყო.
დერეკ სმითი, პარამედიკოსებიდან ერთ-ერთი, რომელმაც მინეაპოლისის სასამართლოს ჩვენება მისცა, ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა ფლოიდს პულსი ვერ გაუსინჯა და იფიქრა, რომ ის გარდაცვლილი იყო.
სეთ ბრევინდერი კი, მეორე პარამედიკოსი ამბობს, რომ ადგილზე მისულებს პოლიციის ოფიცერი დერეკ შოვინი იმავე მდგომარეობაში დახვდათ, როგორც ის სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს - ფლოიდის კისერზე მუხლით.
გავრცელებულ ვიდეოში ჯორჯ ფლოიდი რამდენჯერმე ამბობს, რომ მას სუნთქვა უჭირს. მისმა გარდაცვალებამ მთელ ამერიკაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. დემონსტრანტები პოლიციის რეფორმას ითხოვდნენ და შავკანიანი ამერიკელების მიმართ პოლიციის დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე საუბრობდნენ.
სასამართლოს სხვა მოწმეებმაც მისცეს ჩვენება. დევიდ პლოგერი, ამჟამად პენსიაზე გასული პოლიციის ოფიცერი მინეაპოლისიდან, რომელიც ფლოიდის გარდაცვალების საღამოს მორიგე იყო, ამბობს, რომ შოვინს შეეძლო შეეწყვიტა ფლოიდის მიმართ ამგვარი ქმედება, მას შემდეგ, რაც დაკავებული უკვე აღარ უწევდა წინააღმდეგობას. ჩვენება მისცა ფლოიდის მეგობარმა ქალმაც. მაშინ როდესაც შოვინის დაცვის მხარე ცდილობს საქმეში ის ფაქტი წამოსწიოს, რომ ფლოიდის სისხლში ფენრანილი და მეტამფეტამინი იყო აღმოჩენილი, გარდაცვლილის მეგობარმა თქვა, რომ ისინი ორივე ფიზიკური ტკივილისთვის ექიმების მიერ გამოწერილ ოპიოიდურ მედიკამენტებს იყენებდნენ, რომლებმაც შეჩვევა, წამალზე დამოკიდებულება გამოიწვია.
ნაფიცმა მსაჯულებმა ნახეს იმ სამხრე ვიდეო-კამერის ჩანაწერიც, რომელიც ოფიცერს ეკეთა შემთხვევის მომენტში. ჩვენება მისცა მაღაზიის იმ გამყიდველმაც, სადაც ფლოიდი სიგარეტის ყიდვას ცდილობდა, სანამ პოლიცია ადგილზე მივიდოდა.
პოლიციის ყოფილ ოფიცერს ბრალი მკვლელობაში ედება, თუმცა თავს დამნაშავედ ის არ მიიჩნევს.