დღეს, ტეხასში ჯორჯ ფლოიდს დაკრძალავენ. მისი გარდაცვალებიდან ორი კვირა გავიდა. ფლოიდი მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ მისი დაკავებისას გარდაიცვალა, რის შემდეგაც შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ უმცირესობების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების და რასობრივი უთანასწორობის შეწყვეტის მოთხოვნით დემონსტრაციები დაიწყო.
ჰიუსტონის შემდეგ, სადაც ფლოიდის პანაშვიდი ოჯახისა და მეგობრების წრეში გაიმართება, მას პოლიციის ესკორტით ახლომდებარე ქალაქ პერლენდში გადაასვენებენ, სადაც მას დედის გვერდით დაკრძალავენ.
ჰიუსტონის მერიის შენობა ორშაბათ ღამეს ფლოიდის სკოლის ფერებში - წითლად და ოქროსფრად იყო განათებული მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. ჰიუსტონის მაგალითს სხვა ქალაქებმაც მიბაძეს. ლოს-ანჯელესმა, ბოსტონმა, ოკლენდმა, ლას-ვეგასმა, ნიუ-იორკმა და სხვა ქალაქებმა მერიის შენობები წითლად და ოქროსფრად გაანათეს.
ფლოიდის საჯარო პანაშვიდი ორშაბათს გაიმართა და მას ათასობით ადამიანი დაესწრო. მემორიალები ასევე გაიმართა მინეაპოლისში და ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ რეფორდში, სადაც ფლოიდი დაიბადა.
Facebook Forum