მსოფლიოში 2020 წლის დასაწყისში კიდევ ერთი პანდემია გამოცხადდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი კოვიდ-19 (COVID-19) პანდემიად და მსოფლიო საფრთხედ გამოაცხადა. ამ დრომდე არ არის დადასტურებული ახალი კორონავირუსი გავრცელდა ღამურისგან თუ პანგოლინისგან. ამ საკითხზე სპეციალისტები ჯერ კიდევ მუშაობენ.
ახალი კორონავირუსი თითქმის ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა და მილიონზე მეტი ადამიანი უკვე დაინფიცირდა. თუმცა, შესაძლოა მონაცემები გაცილებით დიდ მასშტაბზე გავიდეს, თუ ქვეყნები მონაცემებს არ დამალავენ და სტატისტიკას სწორად აწარმოებენ. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, უკვე მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და დაღუპულია 55 000-ზე მეტი ადამიანი.
უახლესი ისტორიის განმავლობაში, მსოფლიომ სხვადასხვა პანდემიაზე გამრჯვება მოახერხა, თუმცა მძიმე შედეგები გადაიტანა. გაცნობთ მონაცემებს იმ პანდემიების შესახებ, რომლებიც ცხოველებიდან და ფრინველებიდან გავრცელდა.
ბოლო 10 პანდემიიდან ვირუსის გავრცელების საწყისი წერტილი 4 შემთხვევაში ჩინეთი იყო, მათ შორის არის ახალი კორონავირუსიც. პანდემიების საწყისები სხვადასხვა ფრინველი თუ ცხოველია, სტატისტიკურად ჭარბობენ ღამურები.
მარბურგი - ვირუსი 1967 წელს უგანდაში გავრცელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსი ღამურებიდან გავრცელდა.
- დაინფიცირდა 590
- დაიღუპა 478
- ფატალურობა 81%
ებოლა - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ღამურისგან 1976 წელს გავრცელდა
- დაინფიცირდა 33 687
- დაიღუპა 14, 693
- ფატალურობა 44%
ნიპა 1999 წელს დაფიქსირდა მალაიზიაში. ოფიციალური ინფორმაციით ვირუსი ასევე ღამურიდან გავრცელდა.
- დაინფიცირდა 496
- დაიღუპა 265
- ფატალურობა 53%
სარსი - პირველად ჩინეთში 2002 წელს დააფიქსირეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ვირუსი ღამურისგან ან პანგოლინისგან გავრცელდა.
- დაინფიცირდა 8 098
- დაიღუპა 774
- ფატალურობა 10%
ფრინველის გრიპი-H5N1 თავდაპირველად ჩინეთში 2003 წელს გავრცელდა. ამ ვირუსს ფრინველის გრიპად მოიხსენიებენ.
- დაინფიცირდა 861
- დაიღუპა 455
- ფატალურობა 53%
მერსის საწყისი საუდის არაბეთი იყო. ვირუსი აქლემებისგან გავრცელდა 2012 წელს.
- დაინფიცირდა 2 494
- დაიღუპა 858
- ფატალურობა 35%
ფრინველის გრიპი-H7N9 ჩინეთში 2013 წელს გამოჩნდა
- დაინფიცირდა 1568
- დაიღუპა 616
- ფატალურობა 39%
ღორის გრიპი-H1N1 - საწყისი კი მექსიკა/ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ვირუსი 2009 წელს დაფიქსირდა
- დაინფიცირდა 1 მილიონი
- დაიღუპა 123 000 - 203 000
- ფატალურობა 0.01%
სეზონური გრიპით მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონი ადამიანი ავადდება
- იღუპება 290 000-650 000
- ფატალურობა 0.01%
ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მსოფლიო ბრძოლას დღემდე განაგრძობს. პანდემიის პიკს სხვდასხვა ქვეყნებში ჯერ კიდევ ელოდებიან. ეპიცენტრად დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ითვლება, სადაც ბოლო დღეებში ტესტირების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
შტატებში ყველაზე რთული მდგომარეობა ნიუ-იორკშია, სადაც პიკს აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისში ელოდებიან. კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინის კლინიკურ ცდებს დიდი დრო დასჭირდება და პირველი ვაქცინები ბაზარზე სავარაუდოდ 2021 წლის დასაწყისიდან გამოჩნდება.
არც სამკურნალო საშუალებებია ჯერჯერობით ტრადიციული კლინიკური გამოცდებით დამტკიცებული. დღეს საავადმყოფოების შიდაგანაწესით რეკომენდებული კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატები, საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ საგანგებო ავტორიზაციით, სწრაფი წესით დაამტკიცა.