ევროკავშირი აცხადებს, რომ მისი ტურისტული ინდუსტრიის ციფრები ვირუსის გამო უმნიშვნელოვანესად შემცირდა და ბლოკის შიდა ბაზრის კომისიონერს სურს, რომ ეს სექტორი ერთ-ერთი პირველი იყოს, რომელიც აღსადგენად და გასაუმჯობესებლად ფინანსებს მიიღებს.
ტიერი ბრეტონი ევროკომისარი ბაზრის შიდა საკითხებში ამბობს, რომ ტურიზმის მიმართულებით ეკონომიკა შესაძლოა 70 %-ით შემცირდეს და შემდეგ ერთ-ერთი უკანასკნელი იყოს, რომლის აღდგენაც მოხერხდება. ეს 27-ქვეყნიანი ევრობლოკისთვის უპრეცედენტო გამოწვევაა.
ცარიელი აეროპორტები, ევროპის მუდამ ხალხით გადაჭედილი მოედნები და ქუჩები, სადაც თითქმის აღარავინ დადის, ვენეციური გონდოლები, რომლებსაც სახლებამდე საკვების მისატანად იყენებენ და ა.შ - თუმცა ევროპა არ არის ერთადერთი, სადაც ტურიზმი პრაქტიკულად არ არსებობს. ეროვნული პარკები, თუ სხვა დანიშნულების ადგილები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე ცარიელია. თუმცა ბრეტონი ამბობს, რომ ევროპული ბაზარი მსოფლიო ტურიზმის ნახევარს შეადგენს და მისი აღდგენა საკმაოდ ნელა იქნება შესაძლებელი. უპრეცედენტო გამოწვევა კი ერთნაირად შეეხო როგორც მრავალეროვნულ ავიახაზებსა და კომპანიებს, ისე მცირე, საოჯახო სასტუმროებს.
საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სავაჭრო ჯგუფების გათვლებზე დაყრდნობით, ბრეტონი ამბობს, რომ ეპიდემიის გამო დაახლოებით 275 დან 400 მილიარდ ევრომდე დანაკარგი იქნება ტურიზმისა და სამოგზაურო ინდუსტრიაში.