პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი ამბობს, რომ როდესაც გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში შერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, დაჟინებით მოსთხოვს თალიბანთან მოლაპარაკებები განაახლოს, რათა ავღანეთში მშვიდობის დამყარებას დაეხმაროს.
ოთხშაბათს ხანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკა-თალიბანის ერთწლიანი მოლაპარაკებების მოწყობაში მისმა ქვეყანამ ცენტრალური როლი ითამაშა. თითქმის ორი კვირის წინ, ტრამპმა პროცესი „მკვდრად“ გამოაცხადა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ მედიის საშუალებით გაგებამ ის გააოცა. ხანმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის შეთანხმება ხელმოსაწერად მზად იყო.
ტრამპმა მოლაპარაკებები შეწყვიტა და მიზეზად მეამბოხეების უწყვეტი თავდასხმები და ქაბულში აფეთქების დროს ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვა დაასახელა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მეამბოხეებმა იკისრეს. პრეზიდენტმა თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გაძლიერების პირობაც დადო.
თალიბანი კი ამბობს, რომ მათი თავდასხმები ამერიკული და ავღანური უსაფრთხოების ძალების მიერ, ბრძოლის ველზე თავდასხმების გაძლიერების საპასუხოდ მოხდა.