დიპლომატიური უწყების 135-ზე მეტი თანამშრომლის განცხადება და ბულგარეთში ელჩის გადადგომა

საქართველოს საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის მოქმედი დიპლომატები, მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. პარალელურად, თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისადმი პროტესტის ნიშნად, ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა.

დიპლომატიური უწყების თანამშრომლები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მოქმედ დიპლომატთა ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა მმართველ პარტია "ქართულ ოცნებაში" 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერებაზე და ამავე პერიოდში ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა.

განცხადება 28 ნოემბერს გამოქვეყნდა. მას ერთ დღე-ღამეზე ნაკლებ დროში, 135-ზე მეტი დიპლომატი შეუერთდა. ხელმოწერის პროცესი კვლავ გრძელდება და მათი რაოდენობაც იზრდება.

"მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ჩვენ ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი", - ნათქვამია ღია წერილში.

ქართველი დიპლომატები მთავრობის ამ ნაბიჯის სხვა უარყოფით მხარეებსაც უსვამენ ხაზს, განსაკუთრებით - საქართველოს იზოლაციის საშიშროებას და ქვეყნის წინაშე არსებული რისკების ზრდის საფრთხეზეც საუბრობენ:

"ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით, აღარ შეიქმნას. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე".

ამ მოვლენების პარალელურად, თანამდებობა დატოვა ოთარ ბერძენიშვილმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში. მან პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა. „არა ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების გამოხატვის [უფლების] წინააღმდეგ! სრული სოლიდარობა“, - წერს ოთარ ბერძენიშვილი.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში - თეა მაისურაძე. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ერთგული რჩება.

ამ ყველაფერს წინ უსწრებდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ძალადობრივი დარბევა. „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, საქართველოს დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა.

29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის ძალადობრივი დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა 43 ადამიანი დააკავეს, არიან დაშავებულები, მათ შორის 20-ზე მეტი ჟურნალისტია.