ბელარუსში ოპოზიციის მოწოდებით გაფიცვები დაიწყო

ბელარუსის ოპოზიციამ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე ზეწოლის გასაზრდელად, ქვეყნის მასშტაბით ეროვნული გაფიცვა გამოაცხადა. ოპოზიცია ლუკაშენკოს თანამდებობის დატოვებას სთხოვს.

ლუკაშენკოს ვადა 25 ოქტომბრამდე ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ლუკაშემკომ ულტიმატუმი არ შეასრულა, ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ციხანუსკაიამ ხალხს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა.

გასულ უქმეებზე, პოლიციამ მინსკსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დაშლა სცადა, გამოიყენა ცრემლსადენი ნივთიერებები და რეზინის ტყვიები. ასობით დემონსტრანტი დააკავეს. დემონსტრაციაში მონაწილეობა 100,000-ზე მეტმა ადამიანმა მიღო.

ასევე ნახეთ: ხალხის ულტიმატუმი ლუკაშენკოს: გადადექი 25 ოქტომბრამდე

ციხანუსკაიამ ბელარუსიელებს გზების გადაკეტვის, სამუშაო ადგილების დახურვის, მთავრობის მაღაზიების და მომსახურებაზე უარისა და ბანკიდან ფულის გამოტანისკენ მოუწოდა.

26 ოქტომბერს, მინსკის ქუჩებში 1000-ზე მეტი პენსიონერი და უნივერსიტეტების ასობით სტუდენტი გამოვიდა ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით. მსგავსი პროტესტი გაიმართა სხვა ქალაქებშიც. ასევე გაიფიცნენ ქარხნის მუშები.

ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს, რომელიც დასავლეთში შეაფასეს როგორც არადემოკრატიული. ოპოზიცია აცხადებს, რომ ლუკაშემკომ შედეგები გააყალბა.

ასევე ნახეთ: სანქციები ლუკაშენკოს ხელისუფლებას და პუტინის შიშები

შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და კანადამ არჩევნების აღიარებაზე უარი განაცხადეს და სამოგზაურო შეზღუდვა და სანქციები დაუწესეს ბელარუსელი ოფიციალურ პირებს. სანქციები იმ პირებზე ვრცელდება, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და საარჩევნო გაყალბებაში მონაწილეობდნენ.