ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ, ბრიტანეთი და კანადა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ


სააგენტო “როიტერის” ცნობით, საქმეში ჩახედულმა ექვსმა წყარომ ხუთშაბათს თქვა, რომ შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და კანადა, მათი შეხედულებით გაყალბებული არჩევნების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შემდეგ, გეგმავენ, ბელარუს პირებს სანქციები დაუწესონ.

ოთხმა წყარომ ანონიმურობის პირობით თქვა, რომ შესაძლოა ამერიკული, ბრიტანული და კანადური სანქციები უკვე პარასკევს ამოქმედდეს.

მათ თქვეს, რომ სანქციების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა ბელარუსში ჩატარებულ საკამათო არჩევნებს და დემონსტრანტებისადმი მოპყრობას, შესაძლოა შედეგები მოჰყვეს. პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 26 წელია ქვეყანას მართავს.

ლუკაშენკომ 9 აგვისტოს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. მას შემდეგ, მისმა ძალებმა ბელარუსის ოპოზიციის წამყვანი ფიგურები დააკავეს ან ქვეყნიდან გააძევეს, დააპატიმრეს ათასობით დემონსტრანტი და ჟურნალისტების მუშაობა შეზღუდეს. ოთხშაბათს, მან მეექვსე საპრეზიდენტო ვადის დასაწყები ფიცი ნაჩქარევად დადო.

ჩვეულებრივ, ასეთი ცერემონია ფართოდ შუქდებოდა, როგორც მთავარი სახელმწიფო მოვლენა, მაგრამ ამის ნაცვლად, ის წინასწარ გამოცხადების გარეშე ჩატარდა. ოპოზიციამ ის არალეგიტიმურად გამოაცხადა.

1 სექტემბერს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირმა სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ შეერთებული შტატები განიხილავდა სანქციების დაწესებას შვიდი ბელარუსი პირის წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც მიაჩნდათ, არჩევნების შედეგების გაყალბებაში და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში იყვნენ ჩართული.

ექვსი წყაროდან ერთმა თქვა, რომ ახლა მათი რიცხვი რვას შეადგენს, თუმცა შეიძლება ესეც შეიცვალოს.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ფიცის დადება, პირდაპირ ხალხის ნების საწინაღმდეგოდ მოხდა.

ვაშინგტონი იმედოვნებდა, რომ სანქციები ევროკავშირთან ერთობლივი ძალისხმევა იქნებოდა, მაგრამ ამ საკითხთან შეხების არმქონე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე კამათის გამო, ბლოკმა კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG