ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა, ოლიმპიადის გახსნის საღამოს, ამ ცერემონიის რეჟისორი დაითხოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გამოჩნდა ცნობები, რომ წარსულში მან ჰოლოკოსტის თემაზე იხუმრა. მედიის ცნობით, ცერემონიას არ დაესწრება ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინზო აბეც, რომელიც თამაშების ჩატარების მტკიცე მომხრეა.
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი მუსიკოსი აიძულეს ოლიმპიადის კომპოზიტორის თანამდებობა დაეტოვებინა, რადგან მისი უხეში და აგრესიული საქციელის შესახებ ძველი ინფორმაცია წამოტივტივდა.
წლის დასაწყისში, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი სექსისტური შენიშვნების გაკეთების შემდეგ გადადგა და ამის შემდეგ იგივე ნაბიჯი გადადგა ოლიმპიადის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, რომელმაც პოპულარული იაპონელი ესტრადის მსახიობი ქალის მიმართ დამამცირებელი კომენტარები გააკეთა.
ასევე ნახეთ: წინააღმდეგობის მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებს ათასობით ადამიანი დაესწრება
ტოკიოს თამაშების ორგანიზატორებმა კენტარო კობაიაში ხუთშაბათს იმ კომენტარის გამო დაითხოვეს, რომელიც მან ჰოლოკოსტის თემაზე, 1990-იანი წლების კომედიაში გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაში წამოტივტივდა.
ამას წინ უძღოდა “საიმონ ვიზენტალის ცენტრის”, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ოლიმპიადასთან კობაიაშის დაკავშირება იყო იმ 6 მილიონი ებრაელის “ხსოვნის შეურაცხყოფა”, რომელიც ჰოლოკოსტის დროს დაიღუპა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ თქვა, რომ სანახაობის რეჟისორის კომენტარები “აღმაშფოთებელი და მიუღებელი” იყო, მაგრამ გახსნის ცერემონია გეგმის მიხედვით უნდა წარმართულიყო.