ლიზ ტრასი უკრაინას ბრიტანეთის მხარდაჭერას ჰპირდება

ლიზ ტრასი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას ესწრება.

ბრიტანეთის პრემეირ-მინისტრი, ლიზ ტრასი გაეროს სამიტზე, ნიუ-იორკში იმყოფება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, ეს მისი პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტია.

სწორედ ნიუ-იორკში ყოფნის დროს, ტრასმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ბრიტანეთის სამხედრო დამხარება 2.3 მილიარდ ფუნტ-სტერლინგს შეადგენს, რაც 2.6 მილიარდი ამერიკული დოლარია.

ტრასი, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სხვა ლიდერებსაც მოუწოდებს მხარი დაუჭირონ უკრაინას და დაეხმარონ ევროპას, დაასრულოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება.

ასევე ნახეთ: რუსეთის მიერ გაზის გადაკეტვის შემდეგ, გერმანია ზამთრისთვის ემზადება

ტრასს ბრიტანეთიდან სამიტზე წასვლა, დედოფალ ელიზაბეთ მეორეს დასაფლავებიდან რამდენიმე საათში მოუწია. ბრიტანეთში სამგლოვიარო დღეების შემდეგ, პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

ნიუ-იორკში ყოფნის დროს, ლიზ ტრასი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება. შეხვედრა ხვალისთვისაა ჩანიშნული. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერი, ამ შეხვედრაზეც, კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის სურვილს, დაეხმაროს უკრაინას. ტრასის თქმით, ბრიტანეთის და ზოგადად, დასავლეთის სამხედრო დახმრების მეშვეობით, უკრაინამ შეძლო, რუსული ჯარი იძულებული გამხდარიყო, უკან დაეხია.

"ჩემი გზავნილი უკრაინის ხალხისთვის ესაა: ბრიტანეთი განაგრძობს თქვენთან ყოფნას, ამ გზაზე. თქვენი უსაფრთხოება, ჩვენი უსაფრთხოებაა",- თქვა ტრასმა, სამიტამდე გავრცელებულ განცხადებაში.