ომიკრონი არამარტო აფრიკის კონტინენტზე, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც სწრაფად ვრცელდება. კორონავირუსის ამ ახალი ვარიანტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. მეცნიერები მოვლენების განვითარებას აკვირდებიან და ცდილობენ პანდემიის მომავალი ტენდენციები განსაზღვრონ.
როგორც სამხრეთ აფრიკის, ისე დასავლეთის მეცნიერთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არსებობს შანსი, ომიკრონმა მთელ მსოფლიოში დომინირებული დელტა გვერდზე ჩაწიოს და თვითონ გაბატონდეს. თუმცა, ასეც რომ იყოს, რამდენ ხანში მოხდება ეს? ან რას მოიტანს მსგავსი განვითარება, კარგი აღმოჩნდება ეს პანდემიის დასრულებისთვის თუ ცუდი?
„ჯერ მაინც ძალიან ადრეა. მაგრამ, მონაცემები თანდათან შემოდის, რაც მიანიშნებს, რომ ომიკრონი დელტას თუ ყველგან არა, ბევრ ადგილზე ჩაანაცვლებს“ - ამბობს ექიმი ჯეიკობ ლემიუქსი. ის ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში კორონავირუსის ახალ ვარიანტებს იკვლევს. მისი თქმით, ბრიტანეთში „უკვეა იმის ნიშნები, რომ ომიკრონი დელტასთან შედარებით ექპონენტურად იზრდება“.
ამ ალბათობას შედარებით ფრთხილი სკეფსისით უყურებს მეთიუ ბინიკერი, კლინიკური ვირუსოლოგიის განყოფილების დირექტორი მეიოს კლინიკაში. მინესოტის შტატის ქალაქ როჩესტერში მდებარე უზარმაზარ საავადმყოფოში, ამერიკელ მეცნიერებს კვლავ დელტა ვარიანტის შემოტევასთან უწევთ გამკლავება. „ვფიქრობ, დაახლოებით 2 კვირაში გვეცოდინება, მართლა მოხდება თუ არა ეს“ - ამბობს მეთიუ ბინიკერი.
Your browser doesn’t support HTML5
კვლევების პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ ომიკრონი სულ ცოტა, 2.5-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის დელტა ვარიანტი. თუმცა, სამხრეთ აფრიკის მეცნიერები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ახალი ვარიანტი შესაძლოა დელტასთან შედარებით, ნაკლებ ავადობას და სიკვდილობას იწვევდეს.
დასავლეთის მეცნიერები კი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მონაცემები ჯერ მაინც არასრულია. ამასთან, სამხრეთ აფრიკის მოსახლეობა უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე დასავლეთ ევროპის და ამერიკის, ამიტომ შედარება შეიძლება არათანაბარზომიერი იყოს და ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება კი - უმართებულო. ამას ემატება ისიც, რომ ჯერჯერობით მეცნიერებმა არ იციან ტექნოლოგია, თუ როგორ აღწევს ომიკრონი ადამიანის ორგანიზმში, რამდენად აზიანებს ის ვაქცინებით, ან წინა ინფიცირებით შეძენილ იმუნიტეტს და რა კიდევ რა ნიშნებით განსხვავდება სხვა ვარიანტებისგან.
სამხრეთ აფრიკის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ომიკრონი ძალზე სწრაფად გავრცელდა და ის ახლა იქ თითქმის დომინანტური ვარიანტია. შესაძლოა სწორედ ის იყოს მიზეზი მზარდი ინფიცირების და ახალი ტალღის გაძლიერების, რაც საავადმყოფოების გადატვირთვის საშიშროებას ქმნის. ახალი ტალღის ეპიცენტრი დღეს სამხრეთ აფრიკის გაუტენგის პროვინციაა, სადაც ინფიცირების შემთხვევების 90% ომიკრონზე მოდის. ახალი ვარიანტი 8 მეზობელ პროვინციაშიც დომინანტური ხდება.
„ვირუსი წარმოუდგენლად სწრაფად ვრცელდება“ - ამბობს უილემ ჰანეკომი, სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. „იმ ტალღის მრუდს რომ დააკვირდეთ, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ის გაცილებით ციცაბოა, ვიდრე პირველი სამი ტალღა, რომელიც სამხრეთ აფრიკამ გამოიარა. ეს აჩვენებს, რომ ის სწრაფად ვრცელდება და ალბათ ძალიან სწრაფი ინფიცირებით გამოირჩევა“. მაგრამ ის იქვე აღნიშნავს, რომ ომიკრონის გამოჩენისას დელტა ვარიანტის შემთხვევები ქვეყანაში ძალიან ცოტა იყო. ამიტომ „შეუძლებელია წინასწარ იმის თქმა“, დაამარცხებს თუ არა ომიკრონი დელტას სხვა ქვეყნებში.
ასევე ნახეთ: ევროპაში ომიკრონის გავრცელებასთან ერთად ახალ შეზღუდვებს აწესებენპირველადი მონაცემებით, ომიკრონი სწრაფი გამრავლების გარდა, კიდევ ერთი ნიშნით გამოირჩევა, რაც ჯანდაცვის სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. ჰანეკომი ამბობს, რომ წინა ვარიანტებთან შედარებით, ომიკრონი რეინფექციის გაცილებით მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება, რაც ვირუსის მხრიდან ორგანიზმის იმუნიტეტისთვის თავის იოლად არიდების ვარაუდის საფუძველს იძლევა. ამას გარდა, ვირუსი ახალგაზრდებსაც მეტად აავადებს, მაგრამ ძირითადად - კოვიდ-19-ზე აუცრელებს. ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით ჰოსპიტალიზებულთა უმეტეს ნაწილში საშუალო სიმძიმის ავადობის შემთხვევებია.
და ვიდრე სამეცნიერო ინფორმაცია ზუსტდება, სპეციალისტები მოსახლეობას თავის დაცვას და უკვე კარგად ნაცნობი ზომების შენარჩუნებას ურჩევენ. ესაა ვაქცინაცია, შენობებში პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და მასობრივი თავშეყრისთვის თავის არიდება.
„როგორმე, რაც შეიძლება მეტად უნდა ავცრათ ხალხი და ვაქცინაციით იმუნიტეტი მაქსიმალურად გავიძლიეროთ“ - ამბობს ექიმი ჯეიკობ ლემიუქსი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან. „თუკი გამაძლიერებელი დოზა ხელმიწაწვდომია, აუცილებლად დაამატეთ ის. ამის შემდეგ კი გააკეთეთ ის, რაც ყველამ ვიცით, რომ ეფექტურად ამცირებს ვირუსის გავრცელებას: ნიღბები; სოციალური დისტანცირება; შენობებში დიდი თავშეყრისთვის თავის არიდება, განსაკუთრებით - ნიღბების გარეშე“.