მეხუთე ომბუდსმენი - უჩა ნანუაშვილი

კამპანია „ბოდიშის“ ავტორი საქართველოს სახალხო დამცველი ხდება

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


საქართველოს ისტორიაში, რიგით მეხუთე სახალხო დამცველი, სავარაუდოდ 38 წლის უჩა ნანუაშვილი გახდება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორია.

ნანუაშვილი თხუთმეტი წელია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობს. თბილისის პოლიტოლოგიის ინსტიტუტისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებული, ასევე სწავლობდა: სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში; ბირმინჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ადამიანის უფლებათა სამართლის განხრით; ბრიტანეთის საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

უჩა ნანუაშვილი 2010 წლიდან არის თბილისის ადამიანის უფლება სახლის გამგეობის თავჯდომარე. მუშაობს ისეთ ცნობილ ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებში, როგორებიც არიან: „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“, ომის მოწინააღმდეგეთა ასოციაცია, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, უფლებამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი.

2007 წლის მარტიდან, უჩა ნანუაშვილის ინიციატივით, დაიწყო კამპანია „ბოდიში“, რომლითაც ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ნდობის აღდგენა უნდა მომხდარიყო. თუმცა, ამ კამპანიას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ნანუაშვილის კანდიდატურა სახალხო დამცველად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა, მას უკვე მოუსმინა საპარლამენტო უმრავლესობამ. უჩა ნანუაშვილი ამბობს:

„ჩვენ ყველა იმ საკითხზე ვსაუბრობდით ძალიან ღიად. მათ შორის გამოვთქვით ჩვენი კრიტიკული შენიშვნები იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო 2 თვის განმავლობაში, ანუ არჩევნების შემდეგ ხდება ქვეყანაში.

მე არ ვიცი ვისი კანდიდატურა გავა ნამდვილად, ეს რა თქმა უნდა, პარლამენტარებზეა დამოკიდებული, თუმცა შეხვედრა ფორმალური ნამდვილად არ ყოფილა.“

სახალხო დამცველის თანამდებობა 20 სექტემბრიდან არის ვაკანტური, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გლდანის ციხის სკანდალის გადაფარვა გიორგი ტუღუშის სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნით სცადა.

ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, სახალხო დამცველის თანამდებობაზე მრავალი კანდიდატურა იქნა განხილული. საპარლამენტო უმრავლესობა თავიდან მხარს უფლებამცველ ნინა ხატისკაცის კანდიდატურას უჭერდა, რომელსაც ზურგს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება უმაგრებს. თუმცა, ხატისკაცის კანდიდატურას საზოგადოების ნაწილი კრიტიკით შეხვდა, ვინაიდან მისი მეუღლე მესტიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს თამარ გურჩიანს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარი თქვა. გურჩიანის დანიშვნის წინააღმდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გამოვიდა.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უკვე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჩა ნანუაშვილს დაუჭერს:

„ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება უმრავლესობით, ყველა ფრაქცია შემავალი უმრავლესობაში დააყენებს უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას. ნამდვილად რთული იყო გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ ღირსეული კანდიდატები იყვნენ წარმოდგენილნი. ეს არ იყო მარტივი , მაგრამ მიგვაჩნია, რომ უჩა ნანუაშვილი იქნება კვალიფიციური სახალხო დამცველი.“

საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი პარლამენტმა 1996 წლის მაისში დაამტკიცა, თუმცა პირველი ომბუდსმენის არჩევა მხოლოდ 1997 წლის მიწურულს მოხდა. იგი პოლიციის გენერალი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით სალარიძე გახდა, რომელსაც არჩევამდე საშემოსავლო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

სალარიძე 2000 წელს ნანა დევდარიანმა შეცვალა, რომელიც 2003 წლის 1 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე გახდა.

ვარდების რევოლუციის გარდამავალ პერიოდში, სახალხო დამცველის მოვალეობას თემურ ლომსაძე ასრულებდა. 2004 წლის 16 სექტემბერს პარლამენტმა სახალხო დამცველად სოზარ სუბარი დაამტკიცა. რეალურად ამ ინსტიტუტის გაძლიერება სწორედ სუბარის მმართველობის დროს მოხდა, რომელმაც 2009 წლამდე, ვადის ამოწურვამდე იმუშავა.

სუბარი მწვავედ დაუპირისპირდა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას, რის გამოც მძაფრი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა.

მომდევნო სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა საბოლოოდ კარიერა სასჯელაღსრულების მინისტრად დაასრულა, სადაც მხოლოდ ერთი თვე და 5 დღე იმუშავა. საქართველოს რიგით მეხუთე სახალხო დამცველს პარლამენტი 7 დეკემბერს დაამტკიცებს.