ოკუპირებულ აფხაზეთში, სეპარატისტების რადიკალური ფრთა არ კარგავს იმედს, რომ მაინც შეძლებენ, ოჩამჩირეს შეუცვალონ სახელი - და დე-ფაქტო „რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ქალაქის ახალი სახელად - აჩამჩირა ჩაიწეროს.
ეს „საკანონმდებლო ინიციატივა“, აფხაზთა „პარლამენტში“, ივნისში, „ენობრივი პოლიტიკისა და დემოგრაფიის კომიტეტმა“ მოამზადა, რომელსაც ტყვარჩელის მკვიდრი, ენათმეცნიერი ვალერი კვარჩია ხელმძღვანელობს.
მაშინ „კანონპროექტს“ პირველი მოსმენით აფხაზთა „სახალხო კრების“ „დეპუტატებმაც“ დაუჭირეს მხარი, თუმცა აფხაზური საზოგადოების, განსაკუთრებით კი ოჩამჩირის მაცხოვრებელთა მძაფრი რეაქციის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ, გადაწყვეტილების მიღება გაურკვეველი დროით გადაედოთ.
საზოგადოების კრიტიკას მხარი სეპარატისტების ლიდერმა რაულ ხაჯიმბამაც დაუჭირა. მისი თქმით, ბიუჯეტს არ აქვს თანხა, რომ ქალაქის სახელის გადარქმევით გამოწვეული ფინანსური ხარჯი გასწიოს.
ამის მიუხედავად, ვალერი კვარჩიამ და მისი მომხრეებმა მოძრაობა „აიდგილარადან“, სოხუმში, ისევ წამოსწიეს ეს თემა და ხაზი გაუსვეს რომ „აფხაზური ენის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე“ აუცილებელია ქალაქი სწორედ - აჩამჩირად იწოდებოდეს.
კავკასიოლოგი ნანა მაჭავარიანი „ამერიკის ხმასთან“ განმარტავს, რეალურად რა მიზანი ამოძრავებთ სეპარატისტებს:
„გეოგრაფიული სახელების შეცვლა ზოგადად, ყოველთვის დაკავშირებული იყო ტერიტორიის დაუფლება-დაპყრობასთან. ძველი ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ როცა ესა თუ ის ხალხი, რაღაცა ტერიტორიას იკავებდა, უკანონოდ თუ ნაწილობრივ კანონიერად, ის ცდილობდა, რომ იმ ადგილებისთვის თავისი სახელები დაერქვა. სწორედ ეს პროცესი გრძელდება ახლა, ანუ მათ უნდათ რომ დაიკანონონ მიტაცებული ტერიტორია და არქმევენ, საკუთარ სახელებს.“ნანა მაჭავარიანი, კავკასიოლოგი
„გეოგრაფიული სახელების შეცვლა ზოგადად, ყოველთვის დაკავშირებული იყო ტერიტორიის დაუფლება-დაპყრობასთან. ძველი ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ როცა ესა თუ ის ხალხი, რაღაცა ტერიტორიას იკავებდა, უკანონოდ თუ ნაწილობრივ კანონიერად, ის ცდილობდა, რომ იმ ადგილებისთვის თავისი სახელები დაერქვა. სწორედ ეს პროცესი გრძელდება ახლა, ანუ მათ უნდათ რომ დაიკანონონ მიტაცებული ტერიტორია და არქმევენ საკუთარ სახელებს.“
აფხაზებმა ტოპონიმიკის შეცვლის კამპანია მაშინვე დაიწყეს, რაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ავტონომიურ რესპუბლიკაზე კონტროლი დაკარგა. 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის დაცემის შემდეგ, ეს კამპანია, სწორედ ვალერი კვარჩიას ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან დაიწყო.
1993 წლის 27-30 სექტემბრის შემდეგ, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის და გალის რაიონების დაცემის შედეგად, ამ პოლიტიკამ, აფხაზეთის ცენტრალური და აღმოსავლეთის რაიონებიც მოიცვა.
კონფლიქტოლოგების აზრით, ნაწილობრივ, ეს იყო პასუხი, საბჭოთა საქართველოს მიერ, 1930-50-იან წლებში განხორციელებულ პოლიტიკაზე, რათა აფხაზეთში, მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებში სახელი შეეცვალათ.
თუმცა, 2013 წლიდან, ტოპონიმიკის ომი უკვე გალის რაიონს შეეხო, სადაც ქართულ-მეგრული ისტორიული სახელები მასობრივად შეიცვალა. ახლა, დღის წესრიგში უკვე ოჩამჩირეა. კავკასიოლოგი ნანა მაჭავარიანი ამბობს, რომ ოჩამჩირის შემთხვევაში საქმე გარკვეულწილად წარმოთქმის პრობლემასთანაც გვაქვს.
„ერთი და იგივე ტოპონიმი იმ ენაში სხვაგვარად რომ გამოითქმის და ამ ენაში სხვაგვარად, ეს სხვა პროცესია. მაგალითად, ძალიან ბევრი წელია, სოხუმს აფხაზები აყვას ეძახიან, ჩვენ კი სოხუმს ვეძახით. ოჩამჩირე აფხაზურად სხვაგვარად გამოითქმის, იქ განსხვავებული ფონოლოგიური სისტემაა.“
თანამედროვე ოჩამჩირის რაიონის ტერიტორიაზე პირველი დასახლებული პუნქტების: გიენოსის, კიკნოსის, პიენისისა და ტიენისის შესახებ პირველ ცნობებს, ბერძენი ისტორიკოსები, ძველი წელთაღრიცხვის IV-I საუკუნეებში გვაწვდიან. არქეოლოგების აზრით, აქ ბერძნული ტერიტორიების გაჩენამდეც არსებობდა დიდი დასახლებები.
ბერძნული კოლონიების დაკნინების შემდეგ, ოჩამჩირის ახლანდელ ტერიტორიაზე, დიდი დასახლება მხოლოდ შუა საუკუნეებში ჩნდება და სხვადასხვა ცნობებით, ბზის უნიკალური კორომების გამო, თურქული ენის გავლენით - შიმშირი ანუ ბზა; აფხაზურად კი - ა-შამშირ ეწოდებოდება. 1926 წელს, კი როცა ქალაქმა სტატუსი შეიძინა, აფხაზურად აჩამჩირი, ქართულად კი ოჩამჩირე ეწოდა.
დღეს, აფხაზი ენათმეცნიერები ვარაუდობენ, რომ თითქოს აჩამჩირ-ა სხვა თურქული სიტყვიდან - აჯამ შირა-დან გამომდინარეობს, რაც თიხის დოქს ნიშნავს, თუმცა ქართველი ენათმეცნიერები ამ მოსაზრებას არ ეთანმხებიან.
ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული-მეგრული ტოპონიმიკის შეცვლა აფხაზურით (1992-2016)
განთიადი - ცანდრიფში
ლესელიძე - გეჩრიფში
მიუსერა - მისრა
აგარაკი - ამჟიკუხუა
ჯირხვა - ჯირხუა
კალდახვარა - კალდახუარა
ოქტომბერი - არახუ
ციტრუსოვანი - ამჟასარა
გოგირდწყალი - წკუარა
ხოფი - ხუაპ
ახალსოფელი - ხიპსტა
ლიდა - ჩაბლარხა
ხეივანი - ამზარა
ლიძავა - ლძაა,
კოლხიდა - ფსახარა
ბაღნარი - ხიშხა
ოდიში - აკაპა
თავისუფლება - იაშტხუა
კაკლიანი - არასახუ
წებელდა - ცაბალ
გორანა - აბიდზა
კელასური - აბგიძარა
შრომა - გუმა
ზეგანი - ხაბიუ
მთისკალთა - რაშხუა
ახალშენი - აპრა
ოჭუბურე - ხუაჟკიტ
სათავე - აცტიშ
ცუმური - ცვიმკირი
შუბარა - შვაარა
ქვალონი - შახო
ნახშირა - არიჩხუცა
ტბეთი - აჩეიძკუა
წყურგილი - ადძიხკუა
ბესლეთი - ბასლა
ლეჩკოფი - ლეჩკუაფ
კოდორი - კაციკიტ
ხუმუშქური - ნარზინი,
აგარაკი -არაკიჩი
კინდღი - კინდიგ
მეორე ათარა - ათარა არმიანსკაია
ბესლახუბა - ბესლახუ
გუდავა - გუდაა
გუფი - გუპ
გვადა - გუადა
კოჩარა - კუაჩირ
კვიტაული - კუტოლ
მერკულა - მარკულა
მოქვი - მოქვა
ფოქვეში - ფაკუაშ
ტამიში - ტამშ
საჩაჩხალია - ჩაჩხალიაა რხაბლა
საჩინო - საჩინა
საბერიო - პაპინრხუა
ნაჯიხური - აბააჟვ
ფართონოხორი - აგუარადუ
ნაბაკევი - ბათაიგუარა
ეწერი - ლბაარხა
ჭუბურხინჯი - ხიაცხრა
თაგილონი - თაღლან
მზიური - მახუდჯრა
ცხირი - ცხირ
პირველი ოტობაია - ხაშტა
მეორე ოტობაია - ბგოურა
ფიჩორი - ბჩარა
განახლება - მარჩხაპონ
ზემო ბარღები - ვიადა ბაღრიაპ
საშამუგიო - შამგიაა
საბუთბაიო - ბუთბაკიტ
ქვემო ბარღები - ლადა ბაღრიაპ
ფიცარღალი - აბიცარკუარა
დიხაზურგა - აბააკიტ
ოკვინორე - ციგტვარა
ღუმურიში - გუმრიშ
რეჩხი - რეჩხუ
რეფი - რიაპ
საყოლბაიო - კალგი
პირველი გალი - გალხუჩ გალ
ზემო გალი - გალ აჩაიუა
შეშელეთი - შაშალატ
ლეკუმხარა - ალაკუმხარა
ზენი - ლბაა
სალხინო - ლაშტრა
აჩიგვარა - აჩგუაარა
ერისწყალი - ერცკარ
მუხური - მახურ
საბულესკირიო - აბლასკირ
ხუმუშკური - რიშხა
ხუმენი-ნათოფური - ახუშტაარა
პროექტშია
ოჩამჩირე - აჩამჩირა