ობამა იაცენიუკს ხვდება

უკრაინის დროებითი პრემიერ მინისტრი არსენი იაცენიუკი

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის მატების ფონზე, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს თეთრ სახლში უკრაინის დროებით პრემიერ მინისტრ არსენი იაცენიუკს უმასპინძლებს. ამ შეხვედრის დანიშნულება შეერთებული შტატების მიერ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ხაზგასმაა.

შეხვედრის განმავლობაში, პრემიერ მინისტრი იაცენიუკი და პრეზიდენტი ობამა შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის გზებს განიხილავენ. ამერიკამ უკვე დადო პირობა, რომ უკრაინას ერთ მილიარდიანი დახმარების პაკეტს გამოუყოფს.

ყირიმში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური რუსია, კვირას რეფერენდუმია დაგეგმილი, რომელზეც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს გამოეყოს თუ არა ნახევარკუნძული უკრაინას და შეუერთდეს თუ არა რუსეთის ფედერაციას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ განაცხადა, რომ დიდი შვიდიანი - რომელშიც მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები შედის (ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და შეერთებული შტატები) - დღეს რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ყირიმის ანექსიის მცდელობა.

ამ ფონზე, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკეინი კიევში, კონგრესის ორპარტიულ დელეგაციასთან ერთად ხუთშაბათს გაემგზავრება. მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი დროებითი მთავრობისთვის და უკრაინელი ხალხისთვის "თავისუფლების, დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მხარდაჭერის გამოხატულება" იქნება.