ნიუ-იორკის სკოლებში დასაქმებულთათვის კოვიდ-19-ზე აცრა სავალდებულო გახდება

ქალაქი ნიუ-იორკი, რომლის მოსახლეობა 9 მილიონს აღემატება, საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულებს კოვიდ-19-ზე ვაქცინაციას მოსთხოვს. საუბარია მასწავლებლებზე, დირექტორატზე და ოფისის მუშაკებზე, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 148 000-ია. ინფორმაციას "ნიუ-იორკ თაიმსი" ავრცელებს.

ასევე ნახეთ: "ფაიზერის" ვაქცინა ამერიკაში დღეს სრულად დამტკიცდა

მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო ვაშინგტონის შტატმა და ასევე ლოს-ანჯელესმა და ჩიკაგომ. ნიუ-იორკის განათლების სფეროს მუშაკებს ვაქცინის პირველი დოზის მიღების საბოლოო ვადად 27 სექტემბერი დაუწესდათ. მათ არ ექნებათ ტესტირებაზე უარყოფითი პასუხის წარდგენის ალტერნატივა.

განცხადება ქ. ნიუ-იორკში ახალი რეგულაციის თაობაზე 23 აგვისტოს გაკეთდა.

რამდენიმე კვირით ადრე, ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ კორონავირუსის დელტა ვარიანტის მზარდი გავრცელების ფონზე, დახურულ შენობებში მხოლოდ აცრილების დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, აცრის ცნობის ნაცვლად კინოთეატრებში, რესტორნებში, მუზეუმებში, სპორტულ თუ საკონცერტო დარბაზებში შესვლის მსურველებს, შეუძლიათ ახლადაღებულ კოვიდ-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენება.

ასევე ნახეთ: "ფაიზერის" გამაძლიერებელი დოზა მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს