ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის თქმით, გასულ 24 საათში შტატში 783 ადამიანი დაიღუპა. გუბერნატორი ამბობს, რომ ამ მხრივ ციფრების სტაბილიზაცია შეინიშნება.
"მცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც საავადმყოფოში მკურნალობა სჭირდებათ. ასევე, შემცირდა რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა და ეს ძალიან კარგია. როგორც ხედავთ, მაჩვენებლების ხაზი სწორდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პიკში ვართ და მონაცემები ყოველდღიურად მცირედით იცვლება. რაც შეეხება ცუდ ამბავს, - სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვკარგავთ უამრავ ადამიანს. გასულ 24 საათში 783 ადამიანი დავკარგეთ. სრულიად წარმოუდგენელია, წარმოუდგენლად დიდი ტკივილი და დანაკარგია ეს ჩვენთვის. გარდაცვლილთა სრული რაოდენობა 8 627 შეადგენს,"- განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ნახევარმილიონს აჭარბებს (503,594) გარდაცვლილია 20 000-მდე ადამიანი.