არსებობს სიმბოლოები, რომლის გარეშეც ნიუ-იორკის წარმოდგენა შეუძლებელია. მაგალითად, - “თაიმს სქვერი”, “ემპაერ სთეით ბილდინგი”, “კრაისლერ ბილდინგი”, თავისუფლების ქანდაკება, ყვითელი ტაქსები და ბევრი სხვა რამ. მათ შორის, ჰოთ-დოგის მოსამზადებელი, ქუჩაში მდგარი ოთხთვალა დახლები, გახუნებული დიდი ქოლგებით. ეს არის სიმბოლეოების მოკლე ჩამონათვალი, რომელთა გამოც იმ ადამიანებსაც კი, ვინც ნიუ-იორკს პირველად სტუმრობენ შეგრძნება აქვთ, რომ ამ ქალაქში აქამდეც ყოფილან. რა თქმა უნდა, ეს არ არის დეჟა ვუ. ამის ახსნა მარტივად შეიძლება - მიზეზი ჰოლივუდის ფილმებია.
შესაძლოა ამერიკის ყველა შტატში არა, მაგრამ სრულიად თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჰოთ-დოგი ნიუ-იორკში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საჭმელია. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, ეს არ არის კერძი, რომელსაც აქაური რესტორნების მენიუში იპოვით. თუმცა, მის გარეშე რთულად წარმოსადგენია, მაგალითად, ბეისბოლის მატჩი, მანჰეტენის თუნდაც ერთი ქუჩაც კი. ნიუ-იორკის დატვირთული ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ჰოთ-დოგი გზად წასახემსებლად ჩინებული საშუალებაა. ეს ერთგვარად, ნიუ-იორკული ცხოვრების წესია.
რამდენიმე დღის წინ, ონლაინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკის მერია, ქალაქის ქუჩებში, ჰოთ-დოგების გაყიდვის აკრძალვას გეგმავს, - მიზეზად კლიმატის ცვლილებები და ჯანსაღი ცხოვრების წესი დასახელდა. გავრცელებული ინფორმაცია ნიუ-იორკელების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ ნიუ-იორკულ მოვლენას, საფრთხე არ ემუქრება.
მაგრამ, როგორ იქცა გერმანელი იმიგრანტის მარტივი იდეა, ამერიკული ყოველდღიურობის ნაწილად? ისტორია ზუსტად 152 წლის წინ დაიწყო.
ბრუკლინის სამხრეთ დასავლეთით, “კონი აილენდი” - ეს არის ადგილი სადაც კლასიკური ამერიკული ჰოთ-დოგი, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, პირველად გამოჩნდა. მის შემქმნელად გერმანელი იმიგრანტი, ჩარლზ ფელტმენი მიიჩნევა. 1867 წელს, ფელტმენი “კონი აილენდის” სანაპიროზე კვების ობიექტებისა და სასტუმრობის ბიზნესს იწყებს. ათეული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პოპულარობით მისი ჰოთ დოგები გამოირჩეოდა, რომელიც სრულიად ნატურალური ინგრედიენტებით მზადდებოდა. ფელტმანის ცნობილი ჰოთ დოგის დასაგემოვნებლად, იმჟამად ამერიკის 27-ე პრეზიდენტი, ტაფტიც კი იმყოფებოდა.
ფელტმანის გრადაცვალების შემდეგ, ოჯახმა ბიზნესი გაყიდა და მისი განთქმული ჰოთ-დოგები ათეული წლების განმავლობაში თითქოს ყველამ დაივიწყა. ამას ხელი “ნათანის ცმობილმა ჰოთ-დოგებმაც” შეუწყვეს.
საქმე ისაა, რომ ფელტმანის სიცოცხლეშივე, 1916 წელს მისივე დასაქმებულმა პოლონელმა იმიგრანტმა, ნათან ჰენვერკერმა ჰოთ-დოგების ბიზნესი პირდაპირ ფელტმანის რესტორნის გვერდით დაიწყო. ამისთვის მას ფელტმანის მერ გადახდილი ხელფასით $300-ის შეგროვება დასჭირდა, შემდეგ კი ჰოთ-დოგებს მასზე ორჯერ ნაკლებ ფასში, ხუთ ცენტად ყიდდა. დროთა განმავლობაში, ქუჩაში წახემსების მარტივი საშუალება, რა თქმა უნდა, მთელს ქალაქში გავრცელდა.
2017 წელს კი, თითქოს ისტორიული სამართლიანობა აღდგა და კონი აილენდის სანაპიროზე, ფელტმანის ლეგენდალური ჰოთ დოგები დაბრუნდა. ნიუ-იორკელი მაიკლ ქუინი ამბობს, რომ ამ ბიზნესის წამოწყებას, თავის ძმასთან ერთად, წლების განმავლობაში გეგმავდა. თუმცა, მისი ძმა 2001 წლის 11 სექტემბერს, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერაქტის დროს დაიღუპა. ქუინმა, მხოლოდ ორი წლის წინ შეძლო ნიუ-იორკისთვის პირველი, ტრადიციული ჰოთ-დოგი დაებრუნებია. ამბობს, რომ ჰოთ-დოგები, სრულიად ნატურალური ინგერედიენტებით, იგივე რეცეპტით მზადდება, როგორც ამას 152 წლის წინ, ჩარლზ ფელტმენი აკეთებთა.
ასე რომ, თუ ნიუ-იორკს ეწვევით, ქუჩაში ან სანაპიროზე, კლასიკური ამერიკული ჰოთ-დოგების დაგემოვნებას კვლავ შეძლებთ. უფრო მეტიც, 4 ივლისს, კონი აილენდზე, ჰოთ-დოგების ცნობილ კონკურსში შეგიძლიათ მონაწილეობა. წესები მარტივია, - 10 წუთში, რაც შეიძლება მეტი ჰოთ-დოგი უნდა მიირთვათ. გასული წლის გამარჯვებულმა, 10 წუთში, 74 ჰოთ-დოგი მიირთვა.