ყოველკვირეულად ამერიკა-მექსიკის საზღვარს ათობით ათასი მიგრანტი აწყდება. თუმცა, პირველად, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, იკლო უფროსების გარეშე საზღვარზე გადმოსულმა მცირეწლოვანთა რაოდენობამ.
ასევე ნახეთ: ამერიკაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მკვეთრად იზრდებაოფიციალური მონაცემებით, ბავშვების და მოზარდების რიცხვი 1 000-ზე ნაკლებია, მაშინ როცა ერთი თვის წინ 5 000-ს აღემატებოდა. კვირის დასაწყისში ალეხანდრო მაიორკასმა, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა განაცხადა, რომ 28 მარტის მონაცემებთან შედარებით, აპრილში მიგრანტ არასრულწლოვანთა რიცხვი 88%-ით შემცირდა.
ეს, ამერიკის სამხრეთ საზღვარზე შექმნილ რთულ ვითარებაში პროგრესის პირველი ნიშანია. მაიორკასმა მიღწეულ შედეგს "დრამატული" უწოდა და პირობა დადო, რომ მისი უწყება "კრიტიკული მისიის შესრულების ერთგული დარჩება".
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ორივე პარტიის წარმომადგენლები ხშირად აკრიტიკებდნენ მექსიკის საზღვარზე იმიგრაციის მკვეთრი ზრდის გამო. გამოკითხულ ამერიკელთა შორის, მისი რეიტინგები ამ მიმართულებით ყველაზე დაბალი იყო.
ასევე ნახეთ: ბაიდენის პირველი 100 დღე ოფისში - რეიტინგები