ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის პირველი 100 დღე ოფისში - რეიტინგები


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლის ოვალურ ოფისში
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლის ოვალურ ოფისში

ამერიკელთა უმეტესი ნაწილი დადებითად აფასებს პრეზიდენტის მუშაობას პირველი, თითქმის 100 დღის მანძილზე, რაც ის თეთრ სახლში შევიდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ორი მნიშვნელოვანი გამოკითხვა ადასტურებს, რომ ამომრჩევლებს მოსწონთ ჯო ბაიდენის მიდგომა პანდემიის მართვასთან. თუმცა, ისინი უარყოფითად აფასებენ პრეზიდენტის დამოკიდებულებას მექსიკის საზღვართან, მიგრანტების მოზღვავებით შექმნილი ვითარებისადმი.

"ვაშინგტონ პოსტის" და "ეი-ბი-სის" უახლესი გამოკითხვის მიხედვით, ბაიდენის მუშაობას დადებითად აფასებს გამოკითხულ ზრდასრულ ამერიკელთა 52% და 42%-ს არ მოსწონს. "ენ-ბი-სის" გამოკითხვის მიხედვით, ეს მონაცემები ასე გამოიყურება: 53%-39%-ზე.

ორივე გამოკითხვა ადასტურებს, რომ ამერიკაში პოლიტიკური პოლარიზაცია კვლავ მწვავეა. ამას პარტიების შიგნით ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს. პირველი გამოკითხვის მიხედვით, დემოკრატების 90%-ს და რესპუბლიკელების მხოლოდ 13%-ს მოსწონს ბაიდენის გადაწყვეტილებები. მეორე გამოკითხვაში კი პრეზიდენტის საქმიანობას პირველი 3 თვის მანძილზე დადებითად აფასებს რესპუბლიკელების კიდევ უფრო ნაკლები, 9 პროცენტი.

ყველაზე მაღალი შეფასებები ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მიიღო. შეერთებულ შტატებში ვაქცინაციის ტემპები იზრდება და პარალელურად, მცირდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი. ადმინისტრირებულია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინების 226 მილიონი დოზა. 93 მილიონი ამერიკელი სრულადაა იმუნიზებული.

"ვაშინგტონ პოსტის" და "ეი-ბი-სის" გამოკითხვის მიხედვით, ზრდასრულ ამერიკელთა 64% პროცენტი, აქედან - რესპუბლიკელების მესამედი, დადებითად აფასებს დემოკრატი პრეზიდენტის პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებს. "ენ-ბი-სის" გამოკითხვაში ამ მიმართულებით ბაიდენის რეიტინგი 69 პროცენტია.

თუ ეკონომიკის აღდგენაზე მუშაობის მხრივ, პირველ გამოკითხვაში პრეზიდენტის საქმიანობა უმეტესობას, 52%-ს მოსწონს, თითქმის იმდენივე, 53% უარყოფითად აფასებს მექსიკასთან საზღვარზე შექმნილი პრობლემების მართვას. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა წინამორბედის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა შეცვალა, ამერიკის სამხრეთ საზღვარზე იმიგრანტთა ისტორიულად ერთ-ერთი უდიდესი მოზღვავება ფიქსირდება.

თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, ამერიკა დღეს უკან აღარ აბრუნებს არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებსაც სამხრეთ ამერიკელი მიგრანტები საზღვარზე ტოვებენ. მათ თავიდან თავშესაფარი ეძლევათ შემდეგ კი გაშვილდებიან და ოჯახებში ნაწილდებიან.

"ენ-ბი-სის" გამოკითხვით, დაბალი რეიტინგი პრეზიდენტს კიდევ რამდენიმე მიმართულებით აქვს. ესენია: ჩინეთთან ურთიერთობა (35%), იარაღის კონტროლი (34%), სასაზღვრო უსაფრთხოება და იმიგრაცია (33%). თითქმის ნახევარს მოსწონს ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ის, თუ როგორ უმჯობესდება რასობრივი ურთიერთობები. ორივე საკითხში მისი რეიტინგი 49 პროცენტია.

ორივე გამოკითხვა ადასტურებს, რომ ამერიკელთა უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს ეკონომიკის სტიმულირების $1.9 ტრილიონი პაკეტის დამტკიცებას. თუმცა, ამ საკითხზე კონგრესის ორივე პალატაში მხარდაჭერა ზუსტად პარტიული წყალგამყოფის ხაზზე გადიოდა: ის მხოლოდ დემოკრატი კანონმდებლების მხარდაჭერით დამტკიცდა.

ოთხი წლის წინ, ზუსტად ამ დროს 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოპულარობასთან შედარებით, ჯო ბაიდენის რეიტინგები ზუსტად საპირისპიროა. 2017 წელს პრეზიდენტის საქმიანობა 53%-ს არ მოსწონდა, 42% კი დადებითად აფასებდა. მაგრამ, ბაიდენის რეიტინგები უფრო დაბალია, ვიდრე ტრამპის წინამორბედის, დემოკრატი პრეზიდენტის ბარაკ ობამასი იყო 8 წლის წინ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG