ოფიციალური ოსლო აცხადებს, რომ მთავრობას ხელთ აქვს ელექტრონული მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ძალებმა ნატოს წვრთნების დროს ჯი-პი-ესის სიგნალი შეაფერხეს. ორშაბათს გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი პასუხს სთხოვს რუსეთს, მეზობელ ქვეყანას.
ჯი-პი-ესი იშიფრება როგორც გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS-Global Positioning System). ეს არის ამერიკის მთავრობის რადიონავიგაციის გლობალური სისტემა, რომელიც სატელიტების და ინტერნეტის მეშვეობით, დედამიწაზე ადგილმდებარეობის და გადაადგილების ინფორმაციით უზრუნველყოფას ემსახურება.
ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში ფინეთმა და ნორვეგიამ განაცხადეს, რომ სიგნალი სამხედრო წვრთნების დაწყებამდე და შემდეგ უკვე წვრთნების დროს, სავარაუდოდ რუსეთმა შეაფერხა. ამ ფაქტმა არამარტო წვრთნებს შეუშალა ხელი, არამედ ხმელეთზე, წყალში და ჰაერში სამოქალაქო ტრანსპორტის მიმოსვლაც შეაფერხა.
მომხდარი ორივე ქვეყნის მთავრობამ მაშინვე გააპროტესტა. მაგრამ, რუსეთმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ამ საკითხს ექსპერტების მიერ ჩატარებული ანალიზის შემდეგ დაუბრუნდება.
ოსლოს ახლა ხელთ აქვს მტკიცებულება, რის საფუძველზეც მოსკოვისგან პასუხს მოითხოვს. "მოსკოვმა მტკიცებულება მოგვთხოვა და ჩვენ მათ ის მივეცით" - უთხრა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ფრანკ ბაკე-ჯენსენმა ჟურნალისტებს. "როცა რუსეთის მეზობელი ხარ, მოთმინება გჭირდება" - დასძინა მან.
ფინეთი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის, თუმცა გასულ წელს ჩატარებულ ნატოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებში მონაწილეობა, როგორც მოკავშირემ, მაინც მიიღო. ნორვეგიაში გამართულ სამხედრო წვრთნებში 31 ქვეყანა მონაწილეობდა, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან დაწყებული, ისლანდიით დამთავრებული.