ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ნორვეგიაში, ცივი ომის დასრულების შემდეგ, ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს ატარებს იმ ფონზე, როცა ალიანსის ურთიერთობა რუსეთთან დაძაბულია.
წვრთნების ძირითადი ნაწილი ნორვეგიაზეა ფოკუსირებული. მას “სამმხრივი გზაჯვარედინი” ეწოდება. წვრთნებში მონაწილეობას ოცდაათი ქვეყნიდან 40,000 სამხედრო იღებს. ის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო კომპონენტებს მოიცავს. ის ფინეთიდან იწყება და უკიდურეს აღმოსავლეთში ბალტიის ზღვამდე, ხოლო დასავლეთში ისლანდიამდე გრძელდება.
შენაერთები სამხედრო მანევრირების პრაქტიკას რუსეთის სიახლოვეს გადიან. ალიანსის წვრთნებს წინ უძღოდა მოსკოვის მიერ გასულ თვეში გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასიური სამხედრო წვრთნა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერმა განაცხადა, რომ წვრთნების მიზანი “თავდასხმის თავიდან აცილებაა" და “არა პროვოკაცია”. მან აღნიშნა, რომ წვრთნების შესახებ ინფორმაცია ალიანსმა რუსეთს მიაწოდა და მასზე დასაკვირვებლად მიიწვია კიდეც. სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წვრთნები მნიშვნელოვანი და საჭიროა.
“ჩვენ არ გვსურს ახალი ცივი ომი. ჩვენ არ გვსურს ახალი შეჯიბრი შეიარაღებაში, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ უფრო უკეთესი ურთიერთობისთვის რუსეთთან. თუმცა, უკეთესი ურთიერთობის არქონის პირობებშიც, ჩვენ უნდა მოვახერხოთ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობისთვის თავის გართმევა. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი სამხედრო წარმომადგენლობა, უფრო მეტი წვრთნები. დაძაბულობის პირობებში უნდა ვეცადოთ თავიდან ავირიდოთ ინციდენტები, გაუგებრობები, გაუთვლელი სიტუაციები და თუ მსგავსი რამ მოხდება, უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ კონტროლი”, - ამბობს სტოლტენბერგი.
რუსეთი წვრთნებით უკმაყოფილოა. რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ნატოს გაზრდილ სამხედრო აქტივობაზე შესაძლოა პასუხის გაცემა მოუწიოთ. რუსეთის მხარე ამბობს, რომ მათი ფლოტი გეგმავს საერთაშორისო წყლებში რაკეტის გამოცდას და ამას ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საწვრთნელ ტერიტორიასთან ახლოს გეგმავს.
რუსეთის სამხედრო ცდა ნორვეგიის დასავლეთ საზღვართან ახლოს 1-3 ნოემბერს გაიმართება, ნატოს წვრთნების დასრულება კი შვიდ ნოემბერს იგეგმება და ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნორვეგიაში, ატლანტიკურ ოკეანესა და ბალტიის ზღვაში მიმდინარეობს.
Facebook Forum