ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ცდებით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეის მთავრობა მიანიშნებს, რომ მალე წყნარ ოკეანეში წყალბადის ბომბს გამოცდის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის მეთაურმა კიმ ჩენ უნმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მუქარას და ეკონომიკურ სანქციებს მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებით უპასუხებს.

ჩრდილოეთ კორეული მედიის ცნობით, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ესაა ქვეყნის პასუხი ტრამპის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებულ მუქარაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ტრამპის მუქარაზე პასუხი, შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალბადის ბომბის აფეთქება წყნარ ოკეანეში.