შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული განიარაღების პროცესს დააყოვნებს, ამერიკა იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნებს განაახლებს. ტრამპის თქმით, განახლებული წვრთნები „იმაზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა ოდესმე.“
ამ განცხადებასთან ერთად, პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერში“ ჩინეთიც გააკრიტიკა და პეკინი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში არსებულ სირთულეებში დაადანაშაულა.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მტკიცედ სჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეა ჩინეთისგან უდიდესი ზეწოლის ქვეშაა იმის გამო, რომ ჩვენ ჩინეთის მთავრობასთან სავაჭრო თემებზე უთანხმოება გვაქვს. ამასთან ერთად, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ფულით, საწვავით, სასუქით და სხვა პროდუქციით,“ დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერში.“
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას რამდენიმე საათში გამოეხმაურა და მას „უპასუხისმგებლო“ და დამაბნეველი უწოდა.