ნობელის პრიზი ფიზიკაში სამ მეცნიერს გადასცეს

ნობელის პრემიის კომიტეტმა ფიზიკის დარგში სამი მეცნიერი დააჯილდოვა. მათ ეს პრემია გადაეცათ "სამყაროს ევოლუციისა და კოსმოსში დედამიწის ადგილის შესახებ" ცოდნის გაღრმავებისთვის გაწეული საქმიანობისთვის.

ნობელის პრემიის კომიტეტმა სამშაბათს განაცხადა, რომ 918 000$-იანი პრიზის ნახევარი მეცნიერ ჯეიმს პებლს გადაეცემა. ჯილდო მან დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროს განვითარების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებისთვის მიიღო. კომიტეტის თქმით, ჩვენი დღევანდელი საბაზისო ცოდნა სამყაროს შესახებ, სწორედ პებლსის საქმიანობის შედეგია.

საპრიზო ფონდის მეორე ნახევარი მეცნიერებმა მაიკლ მეიორმა და დიდიერ ქუელოზმა გაიყვეს. 1995 წელს სწორედ მათ აღმოაჩინეს მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტა, რომელიც მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს. მას შემდეგ მკვლევარებმა 4 000 ისეთი ეგზოპლანეტა, იგივე ექსტრასოლარული პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც არა მზის, არამედ რომელიმე სხვა ვარსკვლავის ან ვარსკვლავური ნარჩენის ირგვლივ ტრიალებს.