მშვიდობის დარგში ნობელის 2019 წლის პრემია ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს მიენიჭა

მშვიდობის დარგში 2019 წლის ნობელის პრემია, ეთიოპიის პრემიერ-მინისტრ აბი აჰმედ ალის მიანიჭეს, რაც მან მეზობელ ერითრეასთან მშვიდობის დამყარების ძალისხმევით დაიმსახურა.

ბერიტ რეის-ანდერსენმა, ნორვეგიის ნობელის იმ ხუთწევრიანი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც მშვიდობის დარგში პრემიას გასცემს, თქვა, რომ აბი იმ გადამწყვეტი ინიციატივების გამო დაასახელეს, რომელიც მის ქვეყანასა და ერითრეას შორის კონფლიქტის დასასრულებლად, 2018 წელს ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში წარმოადგინა.

ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ასი დღის განმავლობაში მან ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა, ათასობით პოლიტპატიმრისთვის ამნისტია გამოსცა, მედიაზე ცენზურა გააუქმა, აკრძალული ოპოზიციურ ჯგუფები კანონიერ სივრცეში შეიყვანა, კორუფციაში ეჭვმიტანილი სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები დაითხოვა და ეთიოპიის პოლიტიკურ და სათემო ცხოვრებაში ქალების გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ ეთიოპიაში დემოკრატიის განსამტკიცებლად ბევრი სამუშაოა დარჩენილი, მაგრამ იმედოვნებს, რომ ერითრეასთან სამშვიდობო შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის დადებით ცვლილებებს მოიტანს.