ნიგერიაში ძალადობა გრძელდება

ნიგერიაში ისლამისტმა მეამბოხეებმა 30-მდე ადამიანი მოკლეს. თავდასხმა ორ სოფელში ჩიბოკის მახლობლად განხორციელდა, საიდანაც აპრილში შეიარაღებულმა ისლამისტებმა სამასამდე სკოლის მოსწავლე გოგონა გაიტაცეს.

სოფელ ალაგარნოში თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული პირები ღამით შეიჭრნენ და სულ ცოტა 17 ადამიანი მოკლეს. მეზობელ სოფელ შავაში სულ ცოტა 10 ადამიანია მოკლული. თავდამსხმელებმა სოფლის მოსახლეობას სურსათი მოპარეს და სახლებს ცეცხლი მოუკიდეს.

ამ თავდასხმებამდე ერთი დღით ადრე კი ქალაქ ჯოსში ორი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 118 ადამიანი დაიღუპა. ორი აფეთქება ერთმანეთის თითქმის პარალელურად ხალხმრავალ სავაჭრო ადგილზე მოხდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე. თუმცა, ძალადობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ეჭვი დაუყოვნებლივ ბოკო ჰარამის წინააღმდეგ გავრცელდა.