გადაწყვეტილება, რომელიც წინასაარჩევნო პროცესის თავისუფლებასა და სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს - ასეთია შეფასებები ვაშინგტონიდან მას შემდეგ, რაც საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციების „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპის“ დირექტორები „გაცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოაცხადა. ამერიკის დიპლომატიური უწყება ამბობს, რომ დამოუკიდებელი, არასამთავრობო გაერთიანებების მიზანში ამოღება არჩევნებს ძირს გამოუთხრის.
“საქართველოს მთავრობას არ შეუძლია გამოიყენოს ძალადობა ან სახელმწიფო ძალაუფლება იმისთვის, რომ ძირი გამოუთხაროს არჩევნებს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიზანში ამოღებით, რომლებიც მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო ძალისხმევისთვის. მან უნდა ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, უკან გაიწვიოს და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, აჩვენოს მნიშვნელოვანი და გაზომვადი პროგრესი რეფორმებთან დაკავშირებით", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი "ამერიკის ხმის" კითხვაზე პასუხად. დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ უშუალოდ ამ თემაზე გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან არ ჰქონიათ, თუმცა დასძენენ, რომ არაერთ დიალოგს ამ დრომდე კურსის შეცვლა შედეგად არ მოჰყოლია. "მთავრობამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის ნებას და მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს", - ამბობს მეთიუ მილერი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TI) ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში "საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად" რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მის და მისი ხელმძღვანელის მიმართ ის რეგულაციები იმოქმედებს, რაც პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლებისთვის. მათ შორის არჩევნებზე დაკვირვების კუთხით, თუ - ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვალდებულებების თაობაზე.
Your browser doesn’t support HTML5
ამ ქმედებებს ასევე აქვს შემზღუდავი ეფექტი სხვების სიტყვის თავისუფლებაზე და პოლიტიკურ აქტივობაზე, ამის გამო შესაძლოა ადამიანებს ხმის ამაღლების შეეშინდეთ",- მაიკ სმელცერი, Freedom House
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ამბობს, რომ ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე უშუალოდ მათი სახელით დარეგისტრირებული ვერც ერთი დამკვირვებელი ვერ იმუშავებს.
"ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ჩვენს მიერ დაანონსებული კოალიციური დაკვირვებისა და სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია“, - ამბობს ორგანიზაცია და მინიჭებულ სტატუსს არ აღიარებს, არც ბიუროს მოთხოვნების შესრულებას აპირებს.
სახელმწიფო უწყებამ გასულ კვირას გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ეს პირები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და მისი დისკრედიტაციის გამომწვევ განცხადებებს აკეთებდნენ, მთლიანობაში კი ბოლოდროინდელი განცხადებები მათ პოლიტიკური მიზნების მქონე აქტორებად აქცევს.
გადაწყვეტილება მალევე გააკრიტიკეს ამერიკელმა სენატორებმაც, რომლებმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორი თავად მიიწვიეს ანტიდემოკრატიულ და არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგოდ გამოყენებულ კანონმდებლობაზე სამსჯელოდ. ბიუროს გადაწყვეტილებას სენატორები ორივე პარტიიდან: ჯიმ რიში, ბენ კარდინი, ჯინ შაჰინი და პიტ რიკეტსი - ეკა გიგაურის დასჯად მიიჩნევენ:
„შეშფოთებულნი ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „აირჩიე ევროპას“ ანიჭებს "გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტების" სტატუსს. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ საქართველოს მომავალ არჩევნებზე სადამკვირვებო მისიების მომზადებაზე, მაგრამ არ არიან საარჩევნო კონკურსში მონაწილე მხარე. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას იმის მიუხედავად, თუ ვის აძლევს ხალხი ხმას", - განმარტავს ოთხი სენატორი და დასძენს, რომ დაუჯერებელი და არაკეთილსინდისიერია ის, რომ ეს გადაწყვეტილება გიგაურის მიერ სენატში მოხსენებიდან 2 კვირაში იყო მიღებული.
"წარმოუდგენელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური ისჯება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, 12 სექტემბერს გამართულ მოსმენაზე: „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონმდებლობა და დემოკრატიის რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები” - გაკეთებული მოხსენების გამო. განცხადება მის შესახებ ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად“.
სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ კანონის გამოყენებით თავისუფალი არჩევნებისთვის საფრთხის შექმნად აფასებს ამ გადაწყვეტილებას Freedom House-იც. ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის გამოწვევებს ათწლეულებია იკვლევს, ამბობს, რომ ეს არ მიემართება მხოლოდ კონკრეტულ პირებს და გავლენა ექნება იმაზეც, თუ რამდენად თავისუფლად იგრძნობენ ადამიანები თავს საკუთარი, კრიტიკული აზრის გამოსახატად.
Your browser doesn’t support HTML5
"ეს ქმედებები არათუ მხოლოდ იმ ადამიანების თავისუფლებაზე ახდენს გავლენას, ვინც ანტიკორუფციული ბიუროს სამიზნეა, არამედ, ამას ასევე აქვს შემზღუდავი ეფექტი სხვების სიტყვის თავისუფლებაზე და პოლიტიკურ აქტივობაზე, ხშირად ამის გამო შესაძლოა ადამიანებს შეეშინდეთ ხმის ამაღლების", - ამბობს მაიკ სმელცერი, „ფრიდომ ჰაუზის“ კვლევების უფროსი ანალიტიკოსი. სმელცერი განმარტავს, რომ ეს მხოლოდ ერთია მმართველი გუნდის იმ რამდენიმე სხვა გადაწყვეტილებათა შორის, რომლებითაც "საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანადაა შეშფოთებული:
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოიცავს ყველაფერს: პროცესს, რომელიც წინ უძღვის არჩევნების დღეს, თავად კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ დღეებს, როცა ხმები ითვლება. ესაა შეხსენება, რომ ჩვენ, დასავლეთში ამას მთლიანობაში უნდა შევხედოთ იმის განსასაზღვრად, შევაფასებთ თუ არა საქართველოს არჩევნებს როგორც თავისუფალსა და სამართლიანს",- ლუკ კოფი
"მოქმედი ხელისუფლების სხვა ბოლოდროინდელი ქმედებების გათვალისწინებით, როგორიცაა - რუსული სტილის “უცხოეთის აგენტების” კანონი და ბოლოს მიღებული ანტი-ლგბტქ+ საკანონმდებლო პაკეტი - საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება სამართლიანადაა შეშფოთებული და ყურადღებით დააკვირდება არა მხოლოდ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღის წარმართვას მთელ ქვეყანაში, არამედ როგორ არის თუ არ არის დაცული და ყველას თავისუფლება წინასაარჩევნო გარემოში", - ამბობს მაიკ სმელცერი.
ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებათა შორის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელიც უშუალოდ მიუთითებს იმაზე, რომ იმის შეფასებისას იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, თუ რა ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში - განსაკუთრებით კი რამდენად თავისუფლად ასრულებდნენ საკუთარ ფუნქციასა და მისიას ადგილობრივი არასამთავრობოები, რომლებმაც სხვა მიმართულებებთან ერთად, სადამკვირვებლო პროცესშიც კრიტიკული როლი უნდა შეასრულონ.
ლუკ კოფი „ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ ეს ყველას შეახსენებს, რომ არჩევნები კენჭისყრის დღეს არც იწყება, და არც - მთავრდება.
„ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის მხოლოდ კენჭისყრის დღეს უსაფრთხოდ და კონფიდენციალურობის დაცვით ხმის მიცემა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოიცავს ყველაფერს: პროცესს, რომელიც წინ უძღვის არჩევნების დღეს, თავად კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ დღეებს, როცა ხმები ითვლება და შედეგების სერტიფიცირება ხდება. ესაა შეხსენება, რომ ჩვენ, დასავლეთში ამას მთლიანობაში უნდა შევხედოთ იმის განსასაზღვრად, შევაფასებთ თუ არა საქართველოს არჩევნებს როგორც თავისუფალსა და სამართლიანს", - ამბობს კოფი.
ასევე ნახეთ: “აბსოლუტურად მცდარი“ - სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ბრალდებებზე ეუთო/ოდირის თაობაზესაქართველოში “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”- NDI-ის ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი, რომელმაც წინასაარჩევნო პროცესის რამდენიმე შეფასება გამოაქვეყნა, ამბობს, რომ მაშინ, როცა ყველა “უცხოეთის აგენტების” კანონზე იყო ორიენტირებული, “ქართულმა ოცნებამ” აჩვენა, რომ მას საკუთარი მიზნებისთვის ყველა სხვა ინსტრუმენტის, მეთოდისა თუ კანონის გამოყენებაც შეუძლია, იქნება ეს უცხოური გავლენის, კორუფციისა თუ საგადასახადო კანონები:
„ეს აჩვენებს, რომ ისინი გამოიყენებენ ყველა იმ ინსტრუმენტს, რაც აქვთ იმისთვის, რომ მართლა შეაფერხონ ქართული და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა არჩევნების წინ. ვშიშობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია", - ამბობს ლორა თორნტონი. მისი აზრით, ყველაზე დიდი რისკი ისაა, რომ ადგილობრივი ორგანიზაციები ვერ შეძლებენ სრულყოფილ დაკვირვებას.
"ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ეს ყველაფერი არჩევნებზე დაკვირვებას შეეხება. რადგან ქართული, არაპარტიული საარჩევნო დაკვირვება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. თუკი ეს ისე ვერ განხორციელდება, როგორც დაგეგმილია, მაშინ რეალობის შეფასება ძნელი იქნება. ვერ შევძლებთ არჩევნების ხარისხი შევაფასოთ, განვსაზღვროთ იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ვერ შევძლებთ გადავამოწმოთ ცესკოდან გამოსული შედეგები. ეს მართლაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის", - ამბობს "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამის უფროსი დირექტორი.
ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ეს გადაწყვეტილება სხვა ნაბიჯებთან ერთად, მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდის სამართლიანობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან სამოქალაქო საზოგადოების წევრებს „შიშის ღრუბლის“ ქვეშ უწევთ მუშაობა - იქნება ეს ე.წ. აგენტების კანონის მათ წინააღმდეგ გამოყენება თუ სხვა მექანიზმების შიში. ამერიკელი მაღალჩინოსნები და კანონმდებლებიც იმეორებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არჩევნების დემოკრატიულად შეფასებისთვის ერთ-ერთი კრიტიკული ნაწილია.