„გვჭირდება საწოლები, ადამიანები და შესაბამისი აღჭურვილობა" - გუბერნატორი კუომო

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ფედერალურ მთავრობას სასუნთქი აპარატების გამოყოფას სთხოვს.

„მივმართავ ფედერალურ მთავრობას, ეპიცენტრი ახლა ჩვენ ვართ. სწორედ აქ ველოდებით უახლოეს პერიოდში პიკს. მოგვეცით სასუნთქი აპარატები ჯერ ჩვენ და როცა ჩვენ გავუმკლავდებით პიკს, ამის შემდეგ გადაანაწილეთ ის ქვეყნის სხვა შტატებში,“ - აცხადებს ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო.

მისი თქმით, ფედერალური მთავრობა რესურსს პრიორიტეტების მიხედვით უნდა ანაწილებდეს.

ენდრიუ კუომო, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი

„ფედერალური მთავრობა პრიორიტეტების მიხედვით უნდა ანაწილებდეს რესურსს. ჩვენ ყველაზე მეტი დაინფიცირებული გვყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვჭირდება ფედერალური მთავრობის დახმარება სასწრაფოდ, ახლავე. 25 665 დაინფიცირების შემთხვევა გვაქვს ამ დროისთვის.“

გუბერნატორის განცხადებით, ფედერალურმა მთავრობამ თავდაცვის აქტი უნდა გამოსცეს, რაც შტატს საშუალებას მისცემს დაავალდებულოს კომპანიები დაამზადონ სასუნთქი აპარატები და ადგილობრივ მთავრობას გადასცენ. მისი თქმით, სულ მცირე, 30 000 სასუნთქი აპარატია საჭირო. შტატს მალე დამატებით 7 ათასი აპარატი ექნება, ერთ აპარატს კი ორი პაციენტი გამოიყენებს.

ბოლო სამ დღეში მონაცემები გაორმაგდა. ეს ინფიცირებულთა რაოდენობის დრამატული ზრდაა. საშუალოდ, ყოველ მესამე დღეს რაოდენობა ორმაგდება.
ენდრიუ კუომო

კუომოს განცხადებით, შტატში პიკს 14 დან 21 დღის განმავლობაში ელოდებიან. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ნიუ-იორკში სხვა ყველა დანარჩენ შტატზე მეტი ტესტირება ტარდება.

„ახალი ფაქტები ცვლის მოცემულობას“ - აცხადებს გუბერნატორი და საავადმყოფოების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. "იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა. ბოლო სამ დღეში მონაცემები გაორმაგდა. ეს ინფიცირებულთა რაოდენობის დრამატული ზრდაა. საშუალოდ, ყოველ მესამე დღეს რაოდენობა ორმაგდება." - დასძენს კუომო.

„გვჭირდება საწოლები, ადამიანები და შესაბამისი აღჭურვილობა. საავადმყოფოების რაოდენობის გასაზრდელად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას და სასტუმროების ოთახებს გამოვიყენებთ. ამაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ. მაგრამ, კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. შესაძლოა გამოვიყენოთ უნივერსიტეტების საერთო საცხოვრებლებიც. ჩვენ ამ თხოვნით სხვადასვა ორგანიზაციებს მივმართავთ. ასევე, გვჭირდება ექიმები. ყველა პროფესიონალი გვჭირდება, რომელიც ახლა არ მუშაობს ექიმად,“ - აცხადებს ამ წუთებში გუბერნატორი.

გუბერნატორი კუომო, პრეზიდენტ ტრამპის მიერ, ეკონომიკური სტრატეგიის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევანი არ უნდა გაკეთდეს ეკონომიკის გადარჩენასა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის.

გვჭირდება საწოლები,ადამიანები და შესაბამისი აღჭურვილობა. საავადმყოფოების რაოდენობის გასაზრდელად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას და სასტუმროების ოთახებს გამოვიყენებთ.

„ვფიქრობ, რომ სწორი პოლიტიკის პირობებში შესაძლებელია გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლეების და ვამუშაოთ ეკონომიკაც. ამისათვის დაბალი რისკის ადამიანები არ უნდა გვყავდეს კარანტინში. გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ასევე შეუძლიათ იმუშაონ. ეს სრულად შესაძლებელია, მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ სამსახურს. ჩვენ ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება მოხუცებზე უნდა გავამახვილოთ. ისინი არიან რისკ ჯგუფში. ახალგაზრდები უნდა დაბრუნდნენ სამსახურში უნდა გავუკეთოთ ტესტირება, ეს მოგვცემს საშუალებას ავამუშაოთ ბიზნესები და გადავარჩინოთ სიცოცხლეები" - ამბობს ნიუ-იორკის გუბერნატორი.

„ჩვენ ვართ ნიუ-იორკი, ჩვენ ვართ ჭკვიანები და ერთიანი. ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ ვირუსს, ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა და ჩვენ ვიბრძოლებთ. მე მიყვარს ნიუ-იორკი, ნიუ-იორკსაც ვუყვარვართ ყველა - კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა განსხვავებების გარეშე. ნიუ-იორკს უყვარხართ ყველა. სიყვარული იმარჯვებს და ჩვენ ამ ვირუსზე გავიმარჯვებთ.“ - ამ სიტყვებით დაასრულა გუბერნატორმა განცხადება. ენდრიუ კუომო ახლა ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.