დღეს დილით, მანჰეტენზე მდებარე საკვანძო სატრანსპორტო ტერმინალთან აფეთქება მოხდა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ინციდენტში სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაშავდა. ნიუ-იორკში შესვლა უკიდურესად გართულებულია.
მეტროს სამი ხაზი მთლიანად ევაკუირებულია. დანარჩენი ხაზები 42-ე ქუჩის გაჩერებაზე, რომელიც ტაიმს-სკვერს, ნიუ-იორკის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ცენტრს უკავშირდება, მატარებლები აღარ ჩერდება. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობი რჩება. თუმცა, ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ შემთხვევას "ტერორისტული იერიშის მცდელობა" უწოდა.
პოლიცია ადასტურებს, რომ ერთი ეჭვმიტანილი აყვანილია, მაგრამ არ აკონკრეტებს, თუ რა მოწყობილობაა გამოყენებული. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ეჭვმიტანილმა მილისებრი ასაფეთქებელი მოწყობილობით სცადა თავდასხმის განხორციელება. ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ცნობით, 3 ადამიანია დაშავებული.