18 ადამიანი დაშავდა პარასკევს გამთენიას ლონდონის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად. ლონდონის პოლიცია შეტევას იძიებს, როგორც ტერორისტულ აქტს. აფეთქება ხელნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. ლონდონის პოლიციის განცხადებით, გამოძიებაში ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური, ემ-აი-5 მონაწილეობს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ნაჩქარევი წინასწარი დასკვნების გამოტანა არ ღირს, ხოლო ლონდონის მერის სადიქ ხანის თქმით, ბრიტანეთის დედაქალაქი არ შეუშინდება ტერორისტებს. „ჩვენ არასდროს შევშინდებით ან დავმარცხდებით ტერორიზმის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ხანმა.
დაშავებულთა უმრავლესობა საავადმყოფოში დამწვრობის დიაგნოზით გადაიყვანეს. ეს უკანასკნელი აფეთქება ბოლო 6 თვის მანძილზე, ლონდონში უკვე მეხუთე ტერორისტული აქტია.
Facebook Forum