ბოლო ექვსი დღის მანძილზე, ავღანეთში, ტერორისტული აქტების შედეგად, NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართული, ზედიზედ ოთხი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. ტერაქტების ხასიათიდან გამომდინარე, რომლებზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო, შეიძლება ითქვას, რომ ოთხივე ქართველი სიკვდილს სასწაულად, შემთხვევითობის წყალობით გადაურჩა. დღეის მდგომარეობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ხუთდღიანი ინტერვალით ორი თავდასხმა ქართველ სამხედროებზე, ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანას პროვინციაში, ბაგრამის ავიაბაზის სიახლოვეს მოხდა, სადაც ამჟამად საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონია დისლოცირებული. ბაგრამი ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს კოალიციის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა ავღანეთის ტერიტორიაზე.
გუშინ, 11 სექტემბერს, ადგილობრივი დროით, 13 საათსა და 15 წუთზე ბაგრამის ბაზიდან 5 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ქალეჰ-თა მუსა ბალაში, თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომობილით ამერიკულ-ქართულ ჯავშანსატანკო კონვოიში შევარდა.
ძლიერი აფეთქების შედეგად, ხუთი ამერიკელი და ერთი ქართველი ჯარისკაცი, 23-ე ბატალიონის კაპრალი ზაურ კომახიძე დაიჭრა. იგი მაშინვე გადაიყვანეს, ბაგრამის ავიაბაზის სამხედრო ჰოსპიტალში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი კომახიძე დღეს ჰოსპიტლიდან გაწერეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს:
ბაგრამის ბაზასთან მოშორებით აფეთქება მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ჯარისკაცი მხოლოდ დაშავდა. მისი ჯანმრთელობისთვის საგანგაშო არაფერია, იგი უკვე გაწერეს სამედიცინო დაწეებულებიდან და რამდენადაც ვიცი მისიას აგრძელებს“ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
„ჩემი ინფორმაციით, ბაგრამის ბაზასთან სიახლოვეს აფეთქება მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ჯარისკაცი მხოლოდ დაშავდა. მისი ჯანმრთელობისთვის საგანგაშო არაფერია, იგი უკვე გაწერეს სამედიცინო დაწეებულებიდან და რამდენადაც ვიცი მისიას აგრძელებს.“
23-ე ბატალიონისთვის გაცილებით მძიმე გამოდგა 6 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმა. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ტერაქტი ადგილობრივი დროით 17 საათსა და 40 წუთზე მოხდა, მაშინ როცა ქართულმა კონვოიმ პატრულირება დაასრულა და ჯარისკაცები ბაზისკენ უკვე ფეხით მიემართებოდნენ.
ბაგრამის ავიაბაზის სამხრეთ შესასვლელამდე რამდენიმე მეტრით აქეთ, იქ სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ვაჭრობის უფლება აქვს და მაღაზიებია გახსნილი, თვითმკვლელი ტერორისტი ჩვენს ჯარისკაცებს მოტოციკლით დაახლოებით სამი მეტრის მანძილზე მიუახლოვდა და თავი აიფეთქა.
ყველაზე მძიმედ 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ლეიტენანტი, ხონის რაიონის სოფელ ქუტირის მკვიდრი ივერი ბუაძე დაიჭრა. მან მარცხენა თვალში მხედველობა დაკარგა, ბაგრამის ავიაბაზაზე ქართველ ლეიტენანტს თავის და კიდურების არეში სამი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა გერმანიაში ლანდშტულის რეგიონალური ჰოსპიტლის რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა, ისევ „სტაბილურად მძიმეა.“
გერმანიაში აგრძელებენ მკურნალობას ტერაქტის დროს დაჭრილი სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლეიტენანტ ივერი ბუაძის ძმა ამირან ბუაძე ამბობს:
ივერი ძალიან მძიმედ დაიჭრა, კიდურების, თავის და თვალის არეში მძიმე ჭრილობები აქვს. რაც მთავარია, ყველაფერი დროულად გაკეთდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ერთადერთი, რაც ყველაზე მძიმეა მან ცალ თვალში მხედველობა დაკარგა“ამირან ბუაძე, ლეიტენანტ ივერი ბუაძის ძმა
„ივერი ძალიან მძიმედ დაიჭრა, კიდურების, თავის და თვალის არეში მძიმე ჭრილობები აქვს. რაც მთავარია, ყველაფერი დროულად გაკეთდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ერთადერთი, რაც ყველაზე მძიმეა მან ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.“
სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი საქართველოდან ავღანეთში 2017 წლის აპრილში იქნა გადასროლილი. პირველი დანაკარგი 23-ე ბატალიონმა 3 აგვისტოს განიცადა, მაშინ ბაგრამის ავიაბაზასთან ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად უმცროსი სერჟანტი დიმა ბებიაშვილი დაიღუპა, კაპრალი გეგა ხარშილაძე და გელა ხელაძე მსუბუქად, ხოლო კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი და უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი მძიმედ დაიჭრნენ და ისინიც, ბაგრამიდან გერმანიაში ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ბოლო 7 წლის მანძილზე საქართველოს შეიარაღებული ძალებმა ავღანეთში 32 ჯარისკაცი დაკარგა, 300-ზე მეტი ქართველი მეომარი კი დაიჭრა. პირველი დანაკარგი ავღანულ მისიაში ქართველებმა 2010 წლის 5 სექტემბერს განიცადეს. მაშინ ჰელმანდის პროვინციაში, მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერის მკვიდრი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაიღუპა.