ავღანეთში 32-ე ჯარისკაცის დაღუპვის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) ქართული სამხედრო კონტიგენტის რიცხოვნობის შემცირებას არ გეგმას. 870-მდე ქართველი ჯარისკაცი ისლამურ რესპუბლიკაში, სულ მცირე, 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით დარჩება - ასეთია თავდაცვის სამინისტროს პოზიცია.
საბრძოლო დანაკარგი ავღანეთში, ამჯერად, სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა განიცადა, რომელიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 2017 წლის აპრილში იქნა გადასროლილი და როტაცია ოქტომბერში შეეხება.
3 აგვისტოს, საღამოს, ბაგრამის ბაზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 20 კილომეტრის მოშორებით, ყარაბაღის რაიონში პატრულირებისას, ქართულ-ამერიკული კოლონის სიახლოვეს, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.
ეს რაიონი ძირითადად, ტაჯიკებითა და პუშტუნებით არის დასახლებული. როგორც „ამერიკის ხმას“ ბაგრამის ბაზიდან აცნობეს, ქალის ფარანჯაში გადაცმული ტერორისტი, მოტოციკლით სამხედრო კოლონაში მოულოდნელად შევარდა. ძლიერი აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა უმცროსი სერჟანტი მდინარ (დიმა) ბებიაშვილი. მისი ცხედარი საქართველოში კვირას ჩამოასვენეს.
მძიმედ დაიჭრნენ კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი და უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი, რომელიც ქაბულიდან სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. იოლად გადარჩა კაპრალი გეგა ხარშილაძე. დაიჭრა ორი ამერიკელი სამხედრო და ავღანელი თარჯიმანიც.
ტერაქტს, რომელიც საკუთარ თავზე ისლამისტთა ტერორისტულმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო - კიდევ ორი ადგილობრივი მცხოვრები შეეწირა, შვიდმა კი მრავლობითი ჭრილობა მიიღო.
ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში ექიმები ამ დრომდე იბრძვიან კაპიტან გვირჯიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის საზოგადოებრივ საქმეთა უფროსი ოფიცერი ემზარ სვანიძე ამბობს:
სტაბილურად მძიმეა კაპიტან გვირჯიშვილის მდგომარეობა, მას ბაგრამის ბაზაზე უკვე ჩაუტარდა ოპერაცია თვალზე და ფეხზე. ამჯერად ისევ ბაგრამშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება"ემზარ სვანიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი
„სტაბილურად მძიმეა კაპიტან გვირჯიშვილის მდგომარეობა, მას ბაგრამის ბაზაზე უკვე ჩაუტარდა ოპერაცია თვალზე და ფეხზე. ამჯერად ისევ ბაგრამშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.
გონზე ამ დრომდე არ მოსულა, ეს ექიმებმა სპეციალურად გააკეთეს, რომ დაჭრილი ჯარისკაცის ორგანიზმა დაისვენოს და ოპერაცია წარმატებით გაუკეთდეს. როგორც კი მდგომარეობა შესაბამისი იქნება მასაც გერმანიაში გადაიყვანენ.“
ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში, რომელსაც 2017 წლის დეკემბერში, 16 წელი უსრულდება, საქართველო 2007 წლის ნოემბრიდან, თავდაპირველად ერთი სამხედრო ექიმით ჩაება. იგი გოჰარის პროვინციაში, ლიტვის კონტიგენტის დაქვემდებარებაში იყო.
2009 წლის ნოემბერში, ქაბულში, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების“ (ISAF) ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში უკვე ქართული ასეული იქნა გადასროლილი. ეს სწორედ, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული იყო.
2010 წლის აპრილიდან, ასეულს, ყველაზე „ცხელ“ - ჰელმანდის პროვინციაში ერთი ბატალიონი დაემატა და ქართული მისიის რიცხოვნობამ - 900 ჯარისკაცს გადააჭარბა.
2 წლისა და 7 თვის შემდეგ, 2012 წლის ოქტომბერში, დამატებით კიდევ ერთი ბატალიონი იქნა გადასროლილი და საქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ ავღანეთში უპრეცედენტო ოდენობას - 1600-ს მიაღწია. ეს ყველაზე დიდი კონტრიბუცია იყო NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის.
2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) მისია, მტკიცე მხარდაჭერის მისიით (RSM) ჩანაცვლდა, ქართული სამხედრო კონტიგენტი 870 ჯარისკაცამდე შემცირდა. მანამდე ქართველებმა ეტაპობრივად დატოვეს ჰერმანდის პროვინცია, სადაც ჩვენი ჯარისკაცების უმრავლესობა დაიღუპა.
საქართველოს შეიარაღებული ძალებმა ავღანეთში, ბოლო 7 წლის მანძილზე 32 მოკლული ჯარისკაციდან, 5 მეომარი - 2010 წელს დაკარგეს; 6 - 2011 წელს, 8 - 2012 წელს, 10 - 2013 წელს და 2 - 2015-ში. უმცროსი სერჟანტი მდინარ (დიმა) ბებიაშვილი 2017 წლის პირველი დანაკარგია. ავღანური მისიის პერიოდში - 300-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა.
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, სერჟანტ ბებიაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშიდში მონაწილეობა მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურმა, ჯონ ნიკოლსონმაც მიიღო. ამერიკელმა ოთხვარსკვლავიანი გენერალმა ქართველ ერს ქაბულიდან მიუსამძიმრა:
ამ უდიდეს დანაკარგს ვუსამძიმრებ ქართველ ერს, მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ყველა ქართველი ჯარისკაცის წინაშე, რომლებიც ავღანეთში დაიღუპნენ. მიიღეთ გულითადი სამძიმარი ამერიკელი ხალხისგან და მადლობა სამსახურისთვის“ჯონ ნიკოლსონი, მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) მეთაური
„ამ უდიდეს დანაკარგს ვუსამძიმრებ ქართველ ერს, მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.
კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ყველა ქართველი ჯარისკაცის წინაშე, რომლებიც ავღანეთში დაიღუპნენ. მიიღეთ გულითადი სამძიმარი ამერიკელი ხალხისგან და მადლობა სამსახურისთვის.“
26 წლის დიმა ბებიაშვილისთვის, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 19 წლის ასაკიდან ირიცხებოდა, ეს რიგით მესამე ავღანული მივლინება იყო. 2012 და 2014 წლებში მას ISAF-ის მისიაში მონაწილეობის გამოცდილება ჰქონდა.
უმცროსი სერჟანტი საქართველოში, ოქტომბრის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყო და ოჯახის შექმნას გეგმავდა. 23 ოქტომბერს იგი 27 წლის გახდებოდა. ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ხუთშაბათს, 10 აგვისტოს, ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ავღანეთის RSM - მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ამჟამად ჩართული ქვეყნები და კონტიგენტის რიცხოვნობა:
აშშ - 6954, გერმანია - 980, საქართველო - 861, იტალია - 827, რუმინეთი - 588, თურქეთი - 520, დიდი ბრიტანეთი - 352, ჩეხეთი - 214, პოლონეთი - 198, ავსტრალია - 174, მონღოლეთი - 120, ბულგარეთი - 109, უნგრეთი - 96, აზერბაიჯანი - 94, დანია - 90, ნიდერლანდები - 82, ხორვატია - 81, სომხეთი - 65, ბოსნია - 55, ბელგია - 40, ალბანეთი - 43, სლოვაკეთი - 40, მაკედონია - 39, ნორვეგია - 35, ფინეთი - 30, შვედეთი - 23, ლატვია - 22, მონტენეგრო - 17, ლიტვა - 13, პორტუგალია - 10, უკრაინა - 10, ავსტრია - 9, ზელანდია - 8, ესპანეთი - 7, ირლანდია - 7, სლოვენია - 7, ესტონეთი - 5, საბერძნეთი - 4, ისლანდია - 2, ლუქსემბურგი - 1 By NATO
კოალიციის დანაკარგი ავღანეთში (2001-2017)
აშშ - 2402, დიდი ბრიტანეთი - 455, კანადა - 158, საფრანგეთი - 86, გერმანია - 54, იტალია - 48, დანია - 43, ავსტრალია -41, პოლონეთი - 40, ესპანეთი - 34, საქართველო - 32, ნიდერნალდები - 25, რუმინეთი - 23, NATO – 19, თურქეთი - 14, ზელანდია - 11, ჩეხეთი -10, ნორვეგია - 10, ესტონეთი - 9, უნგრეთი - 7, შვედეთი - 5, სლოვაკეთი - 3, ლატვია - 3, იორდანია - 2, ფინეთი - 2, პორტუგალია - 2, ალბანეთი - 1, ბელგია - 1, ლიტვა - 1, სამხრეთ კორეა - 1 By Icasualties
ავღანეთსა და ერაყში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები (2007-2017)
- 03/08/2017 სერჟანტი მდინარ ბებიაშვილი (23 ბატალიონი)
- 22/09/2015 რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი (43 ბატალიონი)
- 08/06/2015 კაპრალი რამაზ დავითაია (23 ბატალიონი)
- 06/06/2013 რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი (42 ბატალიონი)
- 06/06/2013 კაპრალი ზურაბ გურგენაშვილი (42 ბატალიონი)
- 06/06/2013 კაპრალი ბორის ცუგოშვილი (42 ბატალიონი)
- 06/06/2013 რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (42 ბატალიონი)
- 06/06/2013 რიგითი ზვიად სულხანიშვილი (42 ბატალიონი)
- 06/06/2013 კაპრალი გიორგი ადამოვი (42 ბატალიონი)
- 06/06/2013 კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (42 ბატალიონი)
- 13/05/2013 კაპრალი ვლადიმერ შანავა (42 ბატალიონი)
- 13/05/2013 კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე (42 ბატალიონი)
- 13/05/2013 სერჟანტი ზვიად დავითაძე (42 ბატალიონი)
- 29/12/2012 სერჟანტი გიორგი კიკაძე (12 ბატალიონი)
- 11/10/2012 კაპრალი მინდია აბაშიძე (32 ბატალიონი)
- 26/07/2012 კაპრალი გივი ფანცულაია (31 ბატალიონი)
- 24/04/2012 სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე (31 ბატალიონი)
- 21/02/2012 კაპრალი რუსლან მელაძე (31 ბატალიონი)
- 21/02/2012 კაპრალი ვალიკო ბერაია (31 ბატალიონი)
- 21/02/2012 კაპრალი პაატა კაჭარავა (31 ბატალიონი)
- 07/01/2012 კაპრალი შალვა ფაილოძე (31 ბატალიონი)
- 30/12/2011 კაპრალი ბესარიონ ნინიაშვილი (31 ბატალიონი)
- 01/09/2011 სერჟანტი რეზო ბერიძე (33 ბატალიონი)
- 20/06/2011 რიგითი გია გოგუაძე (33 ბატალიონი)
- 24/05/2011 სერჟანტი ლავროსი ივანიაძე (33 ბატალიონი)
- 14/03/2011 კაპრალი ვალერი ვერსკიანი (32 ბატალიონი)
- 22/02/2011 კაპრალი გიორგი ავალიანი (32 ბატალიონი)
- 30/09/2010 კაპრალი ნუგზარ კალანდაძე (31 ბატალიონი)
- 30/09/2010 კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი (31 ბატალიონი)
- 30/09/2010 სერჟანტი დავით ცეცხლაძე (31 ბატალიონი)
- 30/09/2010 პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი (31 ბატალიონი)
- 05/09/2010 ლეიტენანტი მუხრან შუკვანი (31 ბატალიონი)
- ერაყში
- 05/06/2008 სერჟანტი ირაკლი კორძაია (13 ბატალიონი)
- 02/05/2008 ლეიტენანტი გიორგი მარგიევი (13 ბატალიონი)
- 02/05/2008 კაპრალი ზურაბ გვენეტაძე (13 ბატალიონი)
- 21/12/2007 კაპრალი ჯამბულ მგელაძე (33 ბატალიონი)
- 30/09/2007 კაპრალი ზურაბ ჩიგოშვილი (33 ბატალიონი)
Facebook Forum