რუსეთში მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება. შეთავაზებული შესწორებების თანახმად, შესაძლებელი გახდება მინიჭებული მოქალაქეობის ჩამორთმევა მათთვის, ვინც "ღალატს ჩაიდენს და უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის დისკრედიტაციას" ეცდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ჯარის მასშტაბური შეჭრიდან მალევე, განსხვავებული აზრის ჩასახშობად, მოსკოვმა მრავლისმომცველი, შემზღუდავი რეგულაციები და კანონები მიიღო და მას შემდეგ ცენზურას სულ უფრო აფართოებს და ამკაცრებს.
ასევე ნახეთ: რუს ჟურნალისტს ომზე კომენტარებისთვის რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯესსააგენტო „რიამ“, დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის განცხადება გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ მინიჭებული მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ შესწორებები დაკავშირებულია „ღალატთან და სპეციალური სამხედრო ოპერაციის დისკრედიტაციასთან.“ შესწორებების წინადადება კომიტეტში უკვე შეიტანეს.
სამშაბათს სახელმწიფო დუმამ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ხმა მისცა შესწორებების იმ კანონპროექტს, რომლითაც შესაძლებელი იქნება მათი დასჯა, ვისაც უკრაინაში მებრძოლი „მოხალისე“ ჯგუფების დისკრედიტაციაში დამნაშავედ ცნობენ.