რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტელეჟურნალისტ ალექსანდრ ნევზოროვს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს. მას ბრალად დასდეს იმ შეიარაღებული ძალების სავარაუდო დისკრედიტაცია, რომელიც უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრაში მონაწილეობდა.
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი 1-ელ თებერვალს გამოიტანა. პროკურორი კრემლის კრიტიკოსისთვის ცხრაწლიან ციხეს ითხოვდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნევზოროვის წინააღმდეგ გამოძიება 2022 წლის მარტში დაიწყო იმ განცხადებების გამო, რომელიც მან „ინსტაგრამზე“ და „იუთუბზე“ გამოაქვეყნა და რუსეთის შეიარაღებული ძალები, უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამშობიაროზე სისხლიანი თავდასხმის და ბუჩაში სამოქალაქო მოსახლეობის სავარაუდო წამებისა და მკვლელობების გამო გააკრიტიკა.
მაისში მოსკოვის სასამართლომ გასცა ორდერი, რომლის მიხედვითაც, რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, ნევზოროვის ორი თვით წინასწარი დაკავება უნდა მომხდარიყო. ლენინგრადის ოლქში მის უძრავ ქონებას ყადაღა დაადეს. როგორც სასამართლომ განმარტა, შესაძლო ფულადი ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.
ნევზოროვი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის შესახებ ლექციების ტურს კანადაში ატარებს. ამჟამად ის ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს.
2022 წლის ივნისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნევზოროვს და მის მეუღლეს საპრეზიდენტო დეკრეტით უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.